საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს მფლობელი ქუთაისის გუნდი გახდა. გიორგი პირტახიასა და საბა სვანიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩი რუსთავში მოიგო. რეგიონების – ქვემო ქართლისა და იმერეთის ბრძოლა მესამე ადგილისთვის დასავლელთა გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში რუსთავი 71:59 (სტატისტიკა) დაამარცხა.
ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ. რეგულარულ ჩემპიონატში რუსთავი და ქუთაისი ერთ ჯგუფში იყვნენ და 2 წრე ითამაშეს. ორივე შეხვედრა – რუსთავშიც და ქუთაისშიც ქვემოქართლელებმა მოიგეს. შესაბამისად, მესამე ადგილისთვის მატჩში როცა მათი გზები ისევ გადაიკვეთა, რეგულარულ ჩემპიონატში დაკავებული უმჯობესი ადგილის გათვალისწინებით მასპინძლობა რუსთაველებს ერგოთ.
ამ უპირატესობით რუსთავმა ვერ ისარგებლა. გოგა ცეკვავასა და გურამ რეხვიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა ბრძოლა, თუმცა მაინც დათმო და ამ სეზონში საპრიზო ადგილების გარეშე დარჩა. ქუთაისელებმა დამაჯერებლად ჩაატარეს მატჩის პირველი ნახევარი და დიდ შესვენებაზე 17 ქულით იგებდნენ. რუსთავმა თამაში გამოასწორა და მეტოქეს 4 ქულითაც მიუახლოვდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო ლუკა გორგოძემ, რითაც მასპინძლებს წარმატების იმედი გადაუწურა.
ქუთაისელთაგან ეგნატე გაგოშიძემ 22 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. სანდრო ბარდაველიძემ 18 ქულა, ხოლო გორგოძემ 18 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. რუსთაველთაგან 21 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით დავით გოგოლაძე გამოირჩა, 16 ქულა და 8 მოხსნა ვაჟა კეჭაღმაძის ანგარიშზეა.
მატჩის შემდეგ მე-3 ადგილზე გასული ქუთაისელები ბრინჯაოს მედლებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, ოთარ ფაიქრიძემ და საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვეს.