მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა. ბათუმში დაბანაკებული თემურ კანკიას გუნდი ებრაელ თანატოლებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 62:69 დამარცხდა. ეს გახლდათ ქართველების მეორე ბათუმური მარცხი, ხოლო ებრაელებისთვის მეორე გამარჯვება.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნაკრების მოსამზადებლად საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სპარინგ-მატჩების გასამართად ბათუმში ბელარუსის და ისრაელის ნაკრებები მოიწვია. საქართველოს ნაკრები გუშინწინ ბელარუსთან 3 ქულოთ – 64:67 დამარცხდა, დღეს კი დაახლოებით მსგავსი ანგარიშით წააგო ისრაელთან – 62:69.
საქართველოს ნაკრებმა შედეგიანად დაიწყო შეხვედრა და მესამე პერიოდის ბოლომდე იგებდა. ქართველებმა საწყისი პერიოდი 16:12 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი 3 ქულით ლიდერობდნენ. მესამე პერიოდმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. საწყის ნაწილში ქართველებმა გაილაღეს და კანკიას გუნდმა 9-ქულიან ლიდერობასაც (46:37) მიაღწია, თუმცა მესამე პერიოდის მეორე ნახევარში ებრაელებმა იყოჩაღეს, გაქცევა მოაწყვეს და მესამე პერიოდის ბოლოს 51:50 გალიდერდნენ.
დასკვით პერიოდში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ისრაელმა მოპოვებული მცირე ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით – 69:62 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებში 12 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ანზორ ნადირაძე. 17 ქულა და 6 მოხსნა ირაკლი სულხანიშვილმა მოაგროვა. ებრაელებს 15-15 ქულოთ იოთამ ლამანენმა და შაჰალ ლაზარმა ულიდერეს.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 29 ივნისს, ბელარუსის ნაკრებთან გამართავს.
საქართველო U18 – ისრაელი U18
სტატისტიკა: 62:69