საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. თემურ კანკიასა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა უკვე მოილია ბათუმის საერთაშორისო ტურნირი, სადაც ბელარუსთან და ისრაელთან 2-2 მატჩი გამართა. 15 ივლისს საქართველოს ნაკრები ლატვიაში, საწვრთნელ შეკრებაზე მიემგზავრება და ბალტიისპირეთში კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს, შემდეგ კი პირდაპირ რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრება.
ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონს წლეულს რუმინეთის ქალაქი ორადეა 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიასთან, დანიასთან, უკრაინასთან, სლოვაკეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და სამეულში მოსახვედრად ბრძოლას გუნდები მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. ისევე, როგორც ყველა ასაკობრივი ევროჩემპიონატის B დივიზიონში, 18-წლამდელებშიც 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს.
ევროპის ჩემპიონატში ჩართვამდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 21 ივლისს, ქალაქ ვალმეირაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 22-ში ესტონეთში გადავა და ქალაქ პიანუში ესტონელ თანატოლებს გაეჯიბრება.