საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. მართალია, ჯერ გუნდებს 3-4 ტური კიდევ სათამაშო აქვთ, თუმცა ლიდერები გამოკვეთილია და სავარაუდო მონახაზის გაკეთება შეიძლება, თუ რომელი გუნდები იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში 14 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს, რომლებმაც “ა” ლიგაში ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლითა და კვოტირებით (რეგიონის გუნდებმა) მოიპოვეს. პარალელურად მიმდინარეობს “ბ” ლიგა, რომლის 2 საუკეთესო გუნდი მომავალი სეზონიდან “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს.
17 მარტს 18-წლამდელთა “ა” ლიგის 1 მატჩი გორში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, “ვინგსს” უმასპინძლა. შეხვედრა ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი ვინგსის უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით – 110:63 დასრულდა. ერთ მატჩსაც თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, რომელშიც გარკვეულწილად მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. B ჯგუფის ლიდერმა თბილისი ბასკეტმა, რომელსაც დინამოსთან მატჩამდე 7 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა, დაძაბულ ბრძოლაში – 83:87 წააგო. დინამომ ამ გამარჯვებით მე-4 ადგილი გაიმყარა (6 მოგება, 3 მარცხი) და პლეი ოფში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
“ა” ლიგის 14 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და 2 წრის თავზე თითოეულიდან პლეი ოფში 4-4 საუკეთესო გავა.