საქართველოს U18 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, მაკედონიაში გაემგზავრა

საქართველოს U18 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, მაკედონიაში გაემგზავრა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს თურქეთიდან მაკედონიაში მიემგზავრება, სადაც ქალაქ სკოპიეში 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი გაიმართება. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი ნაკრები სტამბოლში 17 ივლისიდან იმყოფებოდა, სადაც 4 საკონტროლო მატჩი გამართა ევრობასკეტის კემპის მონაწილე მოთამაშეებისგან შემდგარ გუნდებთან.

2 გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 2 მარცხი განიცადა. წაგებულ შეხვედრებში ქართველების წინააღმდეგ ითამაშეს კემპის ძლიერმა გუნდებმა, რომლებიც ამერიკელი, ბერძენი, კანადელი და პოლონელი 18-წლამდელი მოთამაშეებისგან იყვნენ დაკომპლექტებულნი

საქართველოს ნაკრები მაკედონიაში ტურნირის დაწყებამდე 4 დღით ადრე ჩადის და აკლიმატიზაციის გასავლელად, სავარჯიშოდ და ფსიქოლოგიური განწყობის ასამაღლებლად საკმარისი დრო აქვს. ნაკრებს სკოპიეში ბულგარეთიდან შეუერთდება რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობა გუშინ დაასრულა. 

ჯგუფში ქართველების მეტოქეები ბელგიის, უნგრეთის, ავსტრიის, ესტონეთის და აზერბაიჯანის ნაკრებები იქნებიან. მომდევნო ეტაპზე – პლეი ოფში 2 საუკეთესო გავა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს 27 ივლისს, ესტონეთთან მატჩით დაიწყებს. ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფიბა-ს Youtube-ის არხზე გადმოიცემა, რომელთა საყურებელ ბმულებაცს ჩვენს ვებ-გვერდზე განვათავსებთ.