წარუმატებლად დაიწყო საქართელოს
18-წლამდელთა ნაკრებმ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა. არჩილ ჟღენტისა და
მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის
პირველი მატჩი ისლანდიასთან 13 ქულით – 79:92 დათმო.
ქართველებმა პირველი პერიოდი 20:24
წააგეს, თუმცა მეორეში ისლანდიელებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და
უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს – 48:36. ქართველები ბევრს ცდილობდნენ და
მე-3 პერიოდში უკეთსადაც გამოიყურებოდნენ, მაგრამ თამაშის შემოსაბრუნებლად
საკმარისი უპირატესობა ვერ მოიპოვეს.
ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ისლანდია
10 ქულით იგებდა და მატჩი ისე ჩაამთავრა, ქართველებისთვის შანსი არ მიუცია.
საქართველოს ნაკრებში 21 ქულით ბომბადირი ოთარ პერტაია გახდა, საერთო
შედეგიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ნიკა მეცხვარიშვილს ჰქონდა,
რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. 10-10 ქულა მიითვალეს კახა
ჟღენტმა და ნიკა ჩეჩელაშვილმა. რაც შეეხებათ ისლანდიელებს, მათგან 6
მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის
B დივიზიონს ტალინი 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
ტურნირში მონაწილე 24 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილებული და პლეი ოფში თითოდან
2-2 საუკეთესო გავა. საქართველო B ჯგუფშია უნგრეთთან, ბელარუსთან,
ბულგარეთთან, ისლანდიასა და ხორვატიასთან.
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს
საქართველოს ნაკრები 29 ივლისს, თბილიის დროით 14:45 საათზე, ბელარუსთან
გამართავს. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია იხილეთ ბმულზე: http://www.fiba.com/europe/u18b/2017/videos/Georgia-v-Belarus-Live-FIBA-U18-European-Championship-2017-DIV-B