“სასკი ბასკონიას” გრანდიოზული კემპი საქართველოში

“სასკი ბასკონიას” გრანდიოზული კემპი საქართველოში

VIDEO

 თბილისში კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კომპანია „სასკი ბასკონიას“ ერთობლივი პროექტი,  საკალათბურთო კემპი დაიწყო, რომელმაც დინამოს  ბაზაზე სტარტი 13 აპრილიდან  აიღო და ორი კვირის განმავლობაში გასტანს.  აღნიშნულ  კემპში სულ 160 ბავშვი მონაწილეობს.    კომპანია „სასკი ბასკონია“ ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ „ლაბორალ კუტხასა“ და ბავშვთა სკოლების მეპატრონეა. აღნიშნულ სკოლაში აღზრდილი კალათბურთელები თამაშობენ როგორც ევროპის წამყვან კლუბებში, ასევე ნბა-ს კალათბურთელთა რიგებშიც.

 საქართველოში მოვლინებული კლუბის წამყვანი  მწვრთნელები 14-17 წლების ასაკის მოზარდებს სპეციალურ საწვრთნელ კემპებს ჩაუტარებენ. ესპანელი მწვრთნელებისა და მათივე ფსიქოლოგის მიერ შეირჩევა მინიმუმ 16საუკეთესო ბავშვი. ისინი მივლინებით ბასკეთში გაემგზავრებიან და წვრთნებს ესპანური კლუბის ბაზაზე გაივლიან. ბავშვებთან ერთად  შეირჩევიან საქართველოში მომუშავე მწვრთნელებიც.
 აღნიშნულ პროგრამას „სასკი ბასკონია“ მხოლოდ საქართველოსთან არ ახორციელებს. ქართველებთან ერთად ვიტორიაში მსოფლიოს 14 ქვეყნის საუკეთესო მოზარდები მოიყრიან თავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ქართული დესანტი“ (16 კალათბურთელი) „ლაბორალ კუტხაში“ ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება.
 წარმატების შემთხვევაში საუკეთესო მოზარდებს კლუბი დაიტოვებს და წვრთნასთან ერთად მათ ესპანეთში სწავლას და ყველა საჭირო პირობებს უზრუნველყოფს.
მიხეილ გაბრიჩიძე(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): გასულ წელს აქტიური  კონტაქტი გქონდა ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბთან, საკლუბო ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ კუჩა ლაბორალთან. ჩვენი საერთო იდეა იყო საქართველოში კალათბურთის განვითარება, ცნობილი და გამოცდილი სპეციალისტების მოწვევა, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სკაუტინგში, ახაგაზრდებით სელექციაში. ისინი ჩამოვიდნენ, რათა აღმოჩინონ ტალანტები და მათ გააგრძელონ ესპანურ კლუბთან თანამშრომლობა. ბატონი ხესუსი არის მთელი სასკო ბასკონიის სპორტული მიმართულების გენერალური დირექტორი და ის გვეხმარება ბევრ რამეში, რეკომენდაციების შემუშავებაში, როგორი უნდა იყოს საკლუბო ჩემპიონატი, კლუბების სტრუქტურა, რომ მათ თავიანთი მუშაობით მიაღწიონ სიძლიერეს და კალათბურთი იყოს საინტერესო მაყურებლისთვის.  კარგია, რომ ნაკრების თამაშებზე ივსება დარბაზი, თუმცა ჩვენ გვჭირდება მაყურებელი ეროვნულ ჩემპიონატში. ამით მისი პრესტიჟი გაიზრდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. მათი დახმარების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ისინი მოლაპარაკების დაწყების დღიდან იყვნენ მუშაობის პროცესში ჩართულები და ბოლომდე ყველაფერში გვერდით დაგვიდგნენ.  ასევე მადლობა ყველა მწვრთნელს და ბავშვს, რომელიც ჩართულია ამ კემპში და ხელს უწყობს საქართველოში კალათბურთის განვითარებას.
ხესუს მანულე ვასკესი (კლუბ „სასკი ბასკონიას“ და კლუბ  „ალავესის“ გენერალური დირექტორი):  მესამედ ვარ საქართველოში სამუშაო ვიზიტით და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა და მუშაობა.  მთელი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან,  რომ ამ დღემდე მოვსულიყავით და სამი მიზანი დავისახეთ: პირველი ის არის, რომ ამ კემპის და ხშირი ურთიერთობის საშუალებით შევისწავლოთ კალათბურთის დღევანდელი დონე. მეორე მიზანი არის სწორი მენეჯმენტი და სტურქტურული ცვლილებები სპორტის ორგანიზაციაში და მესამე –  ჩვენი მეშვეობით ქართველი ტალანტები მოხვდნენ ევროლიგის წამყვან და ლიდერ კლუბებში. ეს ორი კვირა იქნება პირველი ნაბიჯი, რათა დავინახოთ რა დონეზეა ბავშვთა კალათბურთი საქართველოში და დავიწყოთ შეცდომების კორექცია, რადგან სწორედ ბავშვთა კალათბურთია განვითარებისთვის ფუნდამენტი. მეორე ნაბიჯი იქნება ნიჭიერი კალათბურთელების აღმოჩენა, რომლებიც პროფესიონალურ კალათბურთში ჩაერთვებიან და ბოლოს,  მწვრთნელებთან ერთად მოვამზადოთ საერთო პროგრამები და ახალი პრინციპები, შევიმუშაოთ მეთოდოლოგია. მთავარი არის ამ ორი კვირის განმავლობაში კალათბურთის ფედერაციასთან ერთად 5-წლიან გენერალურ სტრატეგიულ  გეგმაზე მუშაობა, რომელიც მიზნად დაისხავს პროფესიონალური კალათბურთელების ჩამოყალიბებას. ეს ერთ-ერთი მიზანია, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება საქართველოში კალათბურთის სტრატეგიულ განვითარებას.  ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ ვასწავლოთ ქართველებს როგორ იმუშაონ, არამედ იმისთვის, რომ გავუზიაროთ მათ გამოცდილება. ერთად ვიმუშაოთ იმ მეთოდოლოგიაზე, რაც მიღებულია მსოფლიოში და ჩამოვაყალიბოთ სტრატეგიული გეგმა ქართველ კალათბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად.  მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დიდი ნდობისთვის. საქართველოში კალთბურთის განვითარება ჩვენი საერთო მიზანია.
ბორხა კომანჯი(კლუბ „სასკი ბასკონიას“  ტექნიკური დირექტორი):  მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და  ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას მოწვევისთვის.  12 მწვრთნელი იმუშავებს 160 ბავშვთან ერთად, რაც მოგვცემს  საქართველოში ბავშვთა კალათბურთის დონის დანახვის  საშუალებას.  ეს პატარა ნაბიჯია  მომავალი  სტრატეგიული გეგმისთვის.  დიდი მადლობა კარგი ორგანიზებისთვის. დღიურად ვმუშაობთ 160 ბავშვთან პირველ კვირას.  ვცდილობთ ბევრი ინფორმაცია ამოვიღოთ მწრთნელებისგან ბავშვების დონეზე, ინტენსიური მუშაობა მიდის, რათა დავინახოთ ის შეცდომები და ტალანტები, რაც ბავშვებს აქვთ.  ჩვენ ჩამოვიტანეთ სხვადახხვა ფერის შარვლები წლების მიხედვით და დონის მიხედვით ვარჩევთ რა დონეზე არიან,  80 ბავშვი დარჩება, რომლებთანაც გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, შემდეგ კი შეირჩევიან ბავშვები, რომლებიც ესპანეთში უნდა წავიდნენ. მეორე კვირას კიდევ უფრო მეტი ტექნიკური და ინტელექტუალური მომზადება იქნება, რა თქმა უნდა  ფიზიკურიც. ეს პროგრამა კიდევ გაგრძელდება. ჩვენს კლუბს, ბასკონიას გააჩნია ბავშვებთან ურთიერთობის და სელექციის 15 წლიანი გეგმა, რომლის მიხედვით ბევრი ცნობილი კალათბურთელი გაიზარდა. გვსურს ქართველ მწვრთნელებთან ერთადაც დავგეგმოთ და განვავითაროთ საქართველოში ეს მეთოდოლოგია.

გიორგი ქართველიშვილი(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი): უპირველეს ყოვლისა, ეს არის იმ დიდი მუშაობის  შედეგი, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში იყო ზოგადად შეგვეფაასებინა საქართველოს კალათბურთში არსებული მდგომარეობა არა ჩვენი გადმოსახედიდან, არამედ  წამყვანი კლუბის სპეციალისტების მიერ ვითარების შესწავლის საფუძველზე. ყველაზე უახლოეს პერიოდში მინუმუმ 16 ქართველ კალათბურთელს ექნება საშუალება ესპანეთში, ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში წავიდეს და აიმაღლოს თავისი პროფესიონალიზმი, მიიღოს დიდი გამოცდილება. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო რესურსს, რათა მომავალი თაობა უფრო ძლიერი წამოვიდეს. დაგვეხმარება ესპანელი პროფესიონალების შენიშვნები და შეხედულებები,  თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვთა მომზადება, სწორი აღზრდა,  ფსიქოლოგიური მიდგომა, რა გვაქვს გამოსასწორებელი…   ეს ყველაფერი იქნება ერთ საერთო გეგმად ჩამოყალიბებული ჩვენი მიმართულება. 5 წლის შემდეგ ქართველმა კალაბურთელებმა უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონში, ფინალურ ეტაპზე… უნდა ამაღდლეს დონე და ეს მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებების საფუძველზე მოხდება.