თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი: “მართვე” პირველი ნახევარფინალისტია

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი: “მართვე” პირველი ნახევარფინალისტია

   7 დეკემბერს 53-ე საჯარო სკოლის დარბაზმა თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის 7 მატჩს უმასპინძლა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე საკმაო თამაშები დარჩა, თუმცა ერთი რამ უკვე გაირკვა: „დ“ ჯგუფში, სადაც მხოლოდ 3 გუნდია თავმოყრილი, „მართვემ“ პირველობა გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ თითო ჯგუფიდან საუკეთესო გუნდები პირდაპირ ნახევარფინალში გადიან.
ხათუნა გაბედავას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი უკვე დაასრულა. „მართვემ“ ჯგუფის მეორე მატჩიც მოიგო, ამჯერად „დინამოს“ 83:58 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულებს 41 ქულითა და 14 მოხსნით ნიკა ლობჟანიძემ ულიდერა.
კვლავ გამორჩეული შედეგიანობა გამოავლინა „იმედის“ მოთამაშე მიხეილ ღონღაძემ, რომელმაც „მართვე 2“-თან შეხვედრაში 59 ქულა მიითვალა. მისმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 70:79 წააგო. შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში, რომელიც იმედელებმა “აკადემია 2“-თან 83:90 დათმეს, ღონღაძემ 79 (!) ქულა მიითვალა.
7 დეკემბერს გამართული მატჩებიდან მეტ-ნაკლები დაძაბულობა „ზაზა“ – „ჰიუნდაი 2“-ის დაპირისპირებაში იყო. მატჩი ჰიუნდაელებმა 42:35 მოიგეს, რაშიც ლომის წილი 17 ქულისა და ამდენივე მოხსნის მომგროვებელი ლაშა ხოხონიშვილისაა.
დარჩენილ მატჩებში „ჰიუნდაიმ“ იოლად – 97:22 დაამარცხა „აკადემია 4“, ხოლო „აკადემიამ“ სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს შანსი არ დაუტოვა (101:53). ბოლო შეხვედრაში „იბერმა“ „არგოს“ 85:24 აჯობა.
თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი ხუთშაბათს გაიმართება.