თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში დინამო და მართვე შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული ნახევარფინალური მატჩები დაძაბულ, დრამატულ და უაღრესად ემოციურ ბრძოლაში მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო 8, მეოთხედფინალში გასულმა გუნდმა საქართველოს პირველობის საგზური მოიპოვა, რის შემდეგაც ბრძოლა დედაქალაქის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად განაგრძო. ფინალი კვირასაა, ან დინამო, ანაც მართვე, მესამე ადგილისთვის მატჩში კი აკადემია და ჰიუნდაი შეხვდებიან.
დინამოელებმა თითქმის წაგებული მატჩი შემოატრიალეს. ბოლო წუთზე, მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე “აკადემია” 4 ქულით იგებდა, დინამოელებმა კი ორივე საჯარიმო ააცილეს, თუმცა ბურთი ვლადიმერ თავაქარაშვილმა მოხსნა და ორქულიანით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. პრესინგით დინამოელებმა აკადემიელებს ბურთი ჩაუჭრეს და ისევ თავაქარაშვილმა, ამჯერად ჯარიმის თანხლებთ ჩააგდო ორქულიანი, რასაც მყისვე ზუსტი საჯარიმო მოაყოლა და … რაკი დაწინაურდნენ, დარჩენილ 10 წამში ტურაშვილის გუნდს ლიდერობა აღარ დაუთმია და 75:71 გამარჯვებასთან ერთად ფინალის საგზური მოიპოვა.
დინამოელთაგან ყველაზე შედეგიანი თავაქარაშვილი იყო, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. 16 ქულა ვახტანგ გოგბერაშვილმა მოაგროვა, 12 – მათე კაპანაძემ. აკადემიელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა დათი აბულაძე. 11-11 ქულა ირანელმა ლეგიონერმა იაზან ბარანდოუსმა და გიორგი ფურცხვანიძემ მოაგროვეს.
მეორე ნახევარფინალში გამარჯვებულის გამოვლენას ოვერტაიმი დასჭირდა. მართვესა და ჰიუნდაის შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. არადა, გიორგი სიმონიშვილის პირველ პერიოდში ჩაგდებული 10 ქულით მართველები კომფორტულად იგებდნენ და საფრთხე არ ემუქრებოდათ, თუმცა მეორე პერიოდიდან ჰიუნდაელებმა თამაში დაალაგეს და ბოლო წუთებზე გათანაბრება მოახერხეს. ოვერტაიმში გადამწყვეტი აღმოჩნდა სიმონიშვილის 2 სამქულიანი, რის შემდეგაც ჰიუნდაის გაბრძოლება ჩამორჩენის მხოლოდ 2 ქულამდე შემცირებას ეყო. შეხვედრა საბოლოოდ მართველებმა – 66:64 მოიგეს და ტომარაძის გუნდმა თბილისის ჩემპიონატის ფინალში გააღწია.
მე-3 ადგილისთვის მატჩი 10 ნოემბერს 14:30 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალი 16:15 საათზე გაიმართება.