თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული „კნაუფ-აკადემია“ გახდა. გია კაზანჯიანისა და ვასილ სომხიშვილის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ფინალურ მატჩში „მართვე“ დაამარცხეს და დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვეს.
საკალათბურთო აკადემიაში ჩატარებული ფინალის მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა დაძაბული. ზურაბ ტომარაძისა და ხათუნა გაბედავას გაწვრთნილმა „მართვემ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-3 წუთისთვის 10:0 იგებდა. სანამ აკადემიელები თამაშს დაალაგებდნენ, „მართვე“ ლიდერობდა. პირველი მეოთხედის ბოლო წუთზე „აკადემიამ“ ლიდერობა მოიპოვა და მას შემდეგ უპირატესობას განუხრელად ზრდიდა.
მეორე მეოთხედი აკადემიელებმა 27:13 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მეორე ტაიმში თამაშს აზრი დაეკარგა, იმდენად დიდი იყო მომავალი ჩემპიონის უპირატესობა. საბოლოოდ, „აკადემიამ“ 50 ქულის სხვაობით – 107:57 გაიმარჯვა და თბილისის ჩემპიონი გახდა.
მესამე ადგილი ერგო „შსს-აკადემიას“, რომელმაც „იბერს“ დაძაბულ ბრძოლაში – 57:50 სძლია. პრიზიორები და გამორჩეული მოთამაშეები ფინალური მატჩის შემდეგ დააჯილდოვეს. ვერცხლისმედალოსანი მართველები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრმა დავით გოცირიძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმა დააჯილდოვეს.
ჩემპიონ აკადემიელებს მედლები და სიგელები გადასცეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ალეკო პეტრიაშვილმა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა ლევან წულაიამ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ „აკადემიის“ წევრი ლუკა გიორგაძე დასახელდა, რომელიც სპეციალური პრიზით ლევან წულაიამ დააჯილდოვა. ჩემპიონატის ბომბარდირის პრიზი „იბერის“ წევრ გიორგი თვალაბეიშვილს დავით გოცირიძემ გადასცა. მაყურებელთა სიმპათია გახდა „ჰიუნდაის“ ცენტრი გოგა ბითაძე, რომელსაც სპეციალური პრიზით ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა. დაბოლოს, აკადემიელებმა საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტ პაატა გურასპაულისგან ჩაიბარეს.
თბილისის პირველობის საუკეთესო 8 გუნდმა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს. ესენი არიან:
აკადემია
ჰიუნდაი
იბერი
ვესტა 1
შსს-აკადემია
თსსუ
მგზავრები-არმია
მართვე
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
ფინალი
კნაუფ-აკადემია 107:57 მართვე
აკადემია: გიორგაძე (21ქ, 9მ), გვიანიძე (17), ლეონიძე (15), დარბაიძე (11ქ, 12მ)
მართვე: სანაია (18), ძნელაძე (11), ჭაჭია (11)
მე-3 ადგილისთვის
შსს-აკადემი 57:50 იბერი