თბილისის ჩემპიონი 18-წლამდელებს შორის “შსს-აკადემია” გახდა

თბილისის ჩემპიონი 18-წლამდელებს შორის “შსს-აკადემია” გახდა

თბილისის ჩემპიონი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში “აკადემიას” შანსი არ დაუტოვა – 95:61. გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა შსს-ელებმა დედაქალაქის პირველობა ისე მოიგეს, წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. “ძალოვნებმა” ტურნირის ყველა მატჩში ისე იმარჯვეს, თავისთის ძალა არ დაუტანებიათ.
თბილისის პირველობაზე შსს-მ “აკადემია”  მეორედ დაამარცხა. ეს გუნდები ჯგუფშიც ერთად იყვნენ და ის შეხვედრა “ძალოვნებმა” 75:48 მოიგეს. მას შემდეგ ამ გუნდებმა ყველა შეხვედრა მოიგეს და ერთმანეთს კვლავ – ამჯერად ფინალში შეხვდნენ. პირველ მეოთხედში შედარებით თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა მეორე პერიოდიდან “შსს აკადემიამ” დიდი უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია.

ჩემპიონებს ვილი ისიანმა 36 ქულითა და 17 მოხსნით ულიდერა. ისიანი თბილისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ფინალის შემდეგ საგანგებო პრიზითაც დააჯილდოვეს. პრიზი იყო დაწესებული ტურნირის ბომბარდირისთვის, რომელიც “მაკაბის” ლიდერი – მაიზერ რევაზაშვილი გახდა მატჩში საშუალოდ მოგროვებული 49,4 ქულით.

მესამე ადგილისთვის მატჩში “ჰიუნდაიმ” რევაზაშვილის “მაკაბი” 30 ქულის სხვაობით – 95:65 დაამარცხა. საინტერესოა, რომ “მაკაბის” 65 ქულიდან მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზე 54 იყო. “ჰიუნდაიში” კი საუკეთესო შედეგი ნიკა ლომიძემ აჩვენა – 23 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი, 5 ჩაჭრა.
პრიზიორი გუნდები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს. ჩემპიონებს თასი აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პირველობის საუკეთესო 10-მა გუნდმა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურები მოიპოვა. ამ 10-ს დაემატება საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები და 8 გუნდი რეგიონიდან, რომლებიც 14 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაებმებიან.