საინტერესოდ დაიწყო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალები. ზაზა ფაჩულიას აკადემიის ორივე გუნდმა, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი 1-2 ადგილებზე დაასრულეს, სერიის პირველი მატჩები წააგეს. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება და ფინალში რომ გავიდნენ, ზაზას აკადემიის გუნდებმა იმაზე მეტით უნდა მოიგონ, რამდენითაც პირველ მატჩში დამარცხდნენ.
“ზაზა 2”-ს ირაკლი ძიძიგურისა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “ჰიუნდაიმ” სძლია – 73:67. მეოთხედფინალის მსგავსად, ჰიუნდაელებს ამჯერადაც ცოტნე ცარციძემ ულიდერა. ტანმაღალმა უნივერსალურმა მოთამაშემ 12-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად ცარციძემ 8 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. 16 ქულა მოაგროვა ჰიუნდაელთა კიდევ ერთმა ახალწვეულმა – ბიძინა ფეიქრიშვილმა, ხოლო მეტოქისთვის სიურპრიზი 16 წლის ლუკა ტიმოშენკო გამოდგა, რომელმაც 4 სამქულიანი მიითვალა და შეხვედრა საბოლოოდ 13 ქულით დაასრულა.
6 ქულით წააგო “ზაზა 1”-მაც, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი გახლდათ. ზაზას აკადემიელებმა რეგულარული ჩემპიონატი 25 მოგებითა და 1 წაგებით დაასრულეს. ის 1 შეხვედრაც საკუთარი აკადემიის მეორე გუნდთან დათმო. ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში კი “ზაზა 1” ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა “აკადემიამ” დაამარცხა. აკადემიელებს აკლდათ სეზონის დასრულების შემდეგ ესპანური “ბასკონიიდან” დაბრუნებული რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და “აკადემიაში” მხოლოდ 1 – მეოთხედფინალური შეხვედრის ჩატარება მოახერხა.
“აკადემიას” 19 ქულით გიორგი კვაჭანტირაძემ ულიდერა. 11 ქულა და 8 მოხსნა მიქაელ უგრეხელიძემ მოაგროვა, ხოლო ნიკა გოგოხიამ 10 ქულას 11 მოხსნა და 2 დაფარება მოაყოლა. “ზაზაში” 16 ქულით საუკეთესო იყო ვლადიმერ ალავიძე, ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.
ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები 19 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც ფინალისტები გამოვლინდებიან.