ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ამ ტურში გაიმართა. ერთმანეთს მანამდე 2-2 მოგების მქონე „ჰიუნდაი I” და „კარდინალი ორბი“ შეხვდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა. გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელმაც უფრო გუნდურად და მობილიზებულად ჩაატარა გადამწყვეტი მეოთხედი.
მართალია, პირველი ტაიმი „კარდინალმა“ 31:24 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრის სადავეების მოხელთება შესძლო. ამის მიზეზი ძირითადად ის გახლდათ, რომ ჰიუნდაელები გუნდურად თამაშობდნენ. არ იყვნენ ერთი კონკრეტული მოთამაშის სიჩაუქეზე დამოკიდებულნი. რაც შეეხებათ კარდინალებს, ისინი სწორედ თავიანთი ლიდერის, ნიკა ყირიმელის იმედად იყვნენ. ნიკა კარგი მოთამაშეა და დიდი მომავალიც აქვს, მაგრამ მარტო ვერას გახდა მონდომებით მოთამაშე ჰიუნდაელებთან.
ლაშა თოიძე “ჰიუნდაის” მოთამაშეებს დიდ შესვენებაზე დარიგებებს აძლევს
დაძაბულობამ პიკს ბოლო მეოთხედში მიაღწია. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე „კარდინალი“ 41:36 იგებდა და არაფერი მოასწავებდა, რომ შეხვედრას წააგებდა. თოიძემ მოედანზე ტანმაღალი და მასიური გიორგი მაჭავარიანი შეუშვა, რომელიც ძალიან კარგად მოერგო სიტუაციას და თანაგუნდელ ბერდია ქავთარაძესთან ერთად უმნიშვნელოვანესი – გამარჯვების მომტანი ქულები ჩააგდო. 5-წუთიანი მონაკვეთი ჰიუნდაელებმა 15:3 მოიგეს და შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 51:44 დაწინაურდნენ.
ყირიმელმა სამქულიანი, შემდეგ კი ორიანი ჩააგდო და ზვიად დიდბარიძის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა – 49:51. კარდინალებმა შეტევის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ ყირიმელმა იჩქარა, მოუმზადებლად ესროლა სამქულიანი და ააცილა. საბოლოოდ მან 36 ქულა დააგროვა, მაგრამ „კარდინალის“ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
საინტერესო დაპირისპირება გაიმართა „აკადემია 1“-ისა და „დინამოს“ მატჩში. აკადემიელებმა პირველი მეოთხედის 12:20 წაგების შემდეგ თამაშის გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ მესამე პერიოდში მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ, რაც ილია ისრაელიანისა და ცოტნე ცარციძის დამსახურებით მოხდა. მამუკა აბრამიძის გუნდმა საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია – 54:42.
“აკადემია” – “დინამო”
დღის კიდევ ორ მატჩში ბრძოლა არ შედგა. 2 ტანმაღალი კალათბურთელის ხარჯზე ფოთელებმა „ჰიუნდაი 2“ გაანადგურეს. ლაშა ხურცილავა და ზაურ ჯანელიძე მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა იდგნენ როგორც სიმაღლეში, ისე კლასში და რომ იტყვიან, თავიანთ გუნდს მარტოებმა მოაგებინეს. ხურცილავამ 26 ქულა მოაგროვა, ჯანელიძემ – 30. ამ ბიჭების ქებული თამაში დინამოს ბაზაზე მყოფმა 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმაც ნახა. ეს ხომ ის ასაკია, რომელთა წარმომადგენლებმაც 2015 წელს თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელი უნდა დაიცვან.
ტურის ბოლო მატჩში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა „აკადემია 2“-ს დამაჯერებლად სძლია.
13-წლამდელთა ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. დინამოს ბაზა. 18 მარტი
აკადემია I 42:54 დინამო
12:20, 13:11, 6:12, 11:11
აკადემია: ზურაბაშვილი 20
დინამო: ცარციძე 17, ისრაელიანი 16
კარდინალი 49:51 ჰიუნდაი I
14:14. 17:10, 8:12, 8:15
კარდინალი: ყირიმელი 36
ჰიუნდაი I: ფიფია 14, ბ. ქავთარაძე 11, ბითაძე 11, მაჭავაიანი 10
ჰიუნდაი II 44:77 ფოთი
8:22, 11:24, 16:11, 9:20
ჰიუნდაი II: გენებაშვილი 14, წენუაშვილი 9
ფოთი: ჯანელიძე 30, ხურცილავა 26
თსსუ 54:31 აკადემია II
20:4, 9:10, 12:8, 13:9
თსსუ: ალავიძე 14, ჩიგოგიძე 11
აკადემია II: მგელაძე 8, შარაძე 7
სატურნირო ვითარება
„ა“ ჯგუფი
აკადემია 3 2 1 5
დინამო 3 2 1 5
რუსთავი 3 2 1 5
ფოთი 2 2 0 4
ავერსი 3 1 2 4
ჰიუნდაი II 4 0 4 4
„ბ“ ჯგუფი
ჰიუნდაი I 3 3 0 6
კარდინალი 3 2 1 5
თსსუ 3 2 1 5
ქუთაისი 2 1 1 3
აკადემია II 3 0 3 3
გორი 2 0 2 2