14-წლამდელებში თბილისის ჩემპიონი 10 დეკემბერს გამოვლინდება. დედაქალაქის უძლიერესი გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაი” და “შსს-აკადემია” დაუპირისპირდებიან.
ფინალისტები დღეს, საკალათურთო აკადემიის დარბაზში გამართულ მატჩებში გამოვლინდნენ. ძალიან დაძაბული გამოდგა “ოლიმპისა” და “”შსს-აკადემიას” ნახევარფინალური მატჩი, რომელიც, ფაქტობრივად, 2 კალათბურთელის დუელი გამოდგა – ერთის მხრივ ბიბა თორთლაძე და მეორეს მხრივ გიორგი ხუბულაშვილი.
ხსენებული მოთამაშეების წინამძღოლობით “ოლიმპმა” და შსს-მ ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს. პირველი მეოთხედი “ძალოვანებმა” 17:11 მოიგეს, მეორე ათწუთეულში კი უკვე “ოლიმპმა” იმარჯვა და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით – 34:32 დაწინაურდა.
მესამე მეოთხედი ფრედ დასრულდა და მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა. ბოლო წუთები მეტი მობილიზებით შსს-ელება ჩაატარეს, რომლებმაც შეხვედრა 73:70 მოიგეს. გამარჯვებულებს 35 ქულითა და 16 მოხსნით ხუბულაშვილმა ულიდერა, “ოლიმპში” კი 30 ქულა და 23 მოხსნა ჰქონდა თორთლაძეს.
მეორე ნახევარფინალში ბრძოლა არ შედგა. “ჰიუნდაიმ” 89:48 დაამარცხა “დინამო” და ფინალში “შსს-აკადემიას” შეუერთდა.
ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს შსს და 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაი” დაუპირისპირდებიან. ფინალი 17 საათზე გაიმართება, ხოლო 15 საათზე მესამე ადგილისთვის მატჩში “ოლიმპი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან.
თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდელებში. საკალათბურთო აკადემია. 9 დეკემბერი
ნახევარფინალი
I ექს. სკოლა – დინამო 89:48
ოლიმპი – შსს 70:73