საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ საბილეში საწვრთნელ შეკრებას გაივლის და ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგის გადამწყვეტი ეტაპისთვის მოემზადება.
საქართველოს ნაკრებმა აქამდე ევროპული ლიგის 2 ეტაპში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ესტონურ ტარტუსა და რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა მთლიანობაში 10 მატჩი გამართა, საიდანაც 6 მოიგო და მთლიან, გამაერთიანებელ ცხრილში, სადაც 17 გუნდია თავმოყრილი, მე-7 ადგილზეა. წარმატების შემთხვევაში ქართველები სუპერფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ, რომელიც 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.
მე-3, გადამწყვეტი ეტაპი 26-30 მარტს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში გაიმართება. მანამდე ქართველები ქალაქ საბილეში გაივლიან შეკრებას და მოსამზადებელ ეტაპზე 3 სპარინგ-მატჩს გამართავენ. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის ხელმძღვანელობით საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა უკვე ივარჯიშა კლუბ „საბილეს“ ბაზაზე, დღეს კი პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს.