საქართველოს 2002 წელს დაბადებულთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში საასპარეზოდ ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში იმყოფება, სადაც ამ ტურნირის მეორე ეტაპის 5 შეხვედრას გამართავს. დღეს ქართველებს 2 მატჩი აქვთ დაგეგმილი, რომელთაგან ერთი უკვე დასრულდა. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილი გუნდი ესტონურ „რაპლამაას“ შეხვდა და 47:61 წააგო.
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებში შედეგიანად ითამაშა ირაკლი კილაძემ, რომელმაც თავი 19 ქულას, 12 მოხსნად და 6 ჩაჭრას მოუყარა, თუმცა მას სათანადოდ ვერ აუბეს მხარი თანაგუნდელებმა და საქართველოს ნაკრებმა მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩი 14 ქულის სხვაობით დათმეს. 9 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა ვოვა თავაქარაშვილმა, ხოლო 5-5 ქულა დაგროვდა ალექსანდრე მერკვილაძისა და საბა გაჩეჩილაძის ანგარიშზე.
საქართველოს ნაკრები დღეს მეორე მატჩს ბელარუსის „მინსკ-ცმოკისთან“ გამართავს. ხვალ კი ქართველები ლატვიურ “ლიეპაიასა” და რუსულ “ხიმკის” შეხვდებიან.