საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში 28 მარტს კიდევ 2 მატჩი გამართა და 100-პროცენტიან შედეგამდე მცირედი დააკლდა. ქართველები პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით ამარცხებდნენ მასპინძელთა გუნდს – ვენტსპილსის „სპარსს”, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თამაში დამატებით დროში გადავიდა და ოვერტაიმში ლატვიურმა გუნდმა 66:64 იმარჯვა.
აღსანიშნავია ძირითადი დროის ბოლო წუთზე ჩვენი ბიჭების შეუპოვარი თამაში, რომლებიც 54:59 ჩამორჩებოდნენ. ნიკა ნიკოლაიშვილმა ზედიზედ ორჯერ ჩაუჭრა ლატვიელებს და ორივე შეტევა თავად დააგვირგვინა – ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანი და ანგარიში გაათანაბრა – 59:59, რის შემდეგაც თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.
ქართველთაგან 19 ქულით, 18 მოხსნით და 5 დაფარებით საუკეთესო იყო ლაშა მიქელაძე, 16 ქულა დააგროვა ნიკოლაიშვილმა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა 13 ქულა მიითვალა. მეორე მატჩში ქართველებმა იოლად დაამარცხეს სომხეთის გუნდი „გრანდ სპორტი” – 76:32.
საქართველოს ნაკრები ლატრიურ ტურს 29 მარტს დაასრულებენ პოლონურ გუნდ „პომერანიასთან” მატჩით. ქართველებს ვენტსპილსში 4 მატჩიდან 3 აქვთ მოგებული და მოიგებენ თუ არა აღნიშნულ ეტაპს, არა საკუთარ თავზე, არამედ, სხვა გუნდების შედეგებზე არიან დამოკიდებულნი. გავლენ თუ არა ქართველები ევროპის ახალგარდული ლიგის ფინალურ ეტაპზე, მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.