საქართველოს 15–წლამდელთა ნაკრები თურთეთში, ქალაქ ტარსუს საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება და საკმაოდ წარმატებული სტარტიც აიღო.
15–წლამდელთა ნაკრები საქართველო კალათბურთის ფედერაციის სპეციალური პროგრამის შედეგად არის შექმნილი, რათა ეს ის ასაკია, რომლის შემდეგაც მოზარდებს ევროპულ ტურნირებში უწევთ გასვლა. ამიტომაც, 15–წლამდელებს კადეტთა (16–წლამდელები) ნაკრების თავკაცი გია კაზანჯიანი წვრთნის, რომელიც მომავალ საკაკრებო კადრებს აქედანვე აკვირდება.
სწორედ ეს ნაკრები გახლავთ ამჟამად თურქეთში, სადაც სულ 8 გუნდია თავმოყრილი და 2 ჯგუფში გადანაწილებული. კაზანჯიანის გუნდთან ჯგუფში არიან „ტურკ ტელეკომი“, „თოფაში“ და ქალაქ ტარსუს კოლეჯი. მეორე ჯგუფი კი შეავსეს ადგილობივმა „ბეშიქთაშმა“, „ქარშიაქამ“, „ბურსამ“ და სირიის ნაკრებმა.
ქართველებმა პირველი შეხვედრა გუშინ, 19 მაისს ანკარის „ტურკ ტელეკომს“ 81:68 მოუგეს. კალენდრის თანახმად, 20 მაისს 2 შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელთაგან 1 უკვე ჩაატარა კაზანჯიანის გუნდმა და მასპინძელი ტარსუს კოლეჯი 78:64 დაამარცხა. დღეს საქართველოს ნაკრები „თოფაშს“ ეთამაშებიან და წაგების შემთხვევაშიც კი ნახევარფინალში გადიან. თუმცა ჩვენები ჯგუფში მესამე გამარჯვებასაც გეგმავენ – როგორც გია კაზანჯიანმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, გუნდში კარგი განწყობაა..
– უკვე მეორე თამაში მოვიგეთ და რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი. ხარვეზებს ვხედავთ და მის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ამ ნაკრებმა თურქეთში წამოსვლამდე მხოლოდ 2 კვირა ივარჯიშა და ამის გათვალისწინებით, ნახევარფინალში გასვლა არ უნდა იყოს ურიგო შედეგი.
– როგორც ანგარიშებიდან ჩანს, ძალიან არ გაგჭირვებიათ…
– ეგრე არაა საქმე, ორივე მატჩი დიდი ალისხმევისა და მონდომების ხარჯზე მოვიგეთ. „ტელეკომმაც“ და „ტარსუს კოლეჯმაც“ პირველი ტაიმი 4 ქულით მოგვიგო. ჩვენ მეორე ნახევარში ვიძალეთ და წარმატებას მივაღწიეთ. მასპინძელი ტარსუს კოლეჯი კი სულაც ბოლო მეოთხედში გავტეხეთ, მანამდე თანაბარი ბრძოლა იყო და უმეტესად თურქები ლიდერობდნენ.
– მომდევნო მატჩში რამდენად სერიოზული მეტოქე გყავთ?
– „თოფაშს“ საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ იმისთვის გავდივართ მოედანზე, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოცდილება მიიღონ, თუმც შედეგიც დიდი სტიმულია და კალათბურთელის ხასიათის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. ამიტომაც, დიდი სურვილი გვაქვს, მიღწეულ 2 გამარჯვებას მესამეც მოვაყოლოთ.
– ნახევარფინალი როდის გაიმართება?
– ხვალაა პლეი ოფის თამაში. მეორე ჯგუფიდან სავარაუდოდ „ბურსა“ და „ქარშიაქა“ გავლენ და თუ რომელი იქნება ჩვენი მეტოქე, ამას ჯგუფური ეტაპის დასრულებისას შევიტყობთ.