საქართველოს 15-წლამდელთა (2001 წელს დაბადებულები) ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპზე საასპარეზოდ ლიტვის ქალაქ კაუნასში გაემგზავრა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა აღნიშნული ტურნირის გასულ ეტაპზებზე 10 მატჩიდან 4 მოიგო და 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება.
პირველი ეტაპი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გასული წლის ნოემბერში გაიმართა, სადაც ქართველებმა მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგეს, ხოლო ვილნიუსში იანვარში ჩატარებულ მეორე ეტაპში 5-დან 3 შეხვედრაში იმარჯვეს. 15 წლამდელთა ნაკრები ახალგაზრდული ლიგის პირველ ჯგუფში ასპარეზობს, სადაც თამაში წინა სეზონში, ქვედა ჯგუფში ყოფნისას შედეგიანი თამაშით დაიმსახურა (15-დან 10 შეხვედრა მოიგო).
კაუნასში დაგეგმილი 5 მატჩიდან ქართველებმა 1 უკვე ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში, 82:85 წააგეს „კლაიპედასთან“. საქართველოს ნაკრებმა პირველი ნახევარი 15 ქულით წდათმო, თუმცა ამის მიუხედავად შესანიშნავად ჩაატარა მეორე ტაიმი და ბოლო წუთებზე გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ კლაიპედელებმა მოგება კბილებით შეინარჩუნეს.
ლიტველებმა ფაქტობრივად 6 კალათბურთელით გვეთამაშნენ, რომელთაგან 30-30 ქულით ვერიცკუს დომინიკასი და იგნეს პიტრენასი გამოირჩნენ. ქართველთაგან კი 28 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო აკადემიელი ლაშა მიქელაძე. 17 ქულა დააგროვა ქუთაისელმა გიორგი ჭეიშვილმა, ხოლო „აკადემიის“ მეორე წარმომადგენელმა – რატი ანდრონიკაშვილმა თავი 14 ქულას მოუყარა.
საქართველო 2001 – კლაიპედა 82:85
დარჩენილი თამაშების კალენდარი: (თბილისის დრო) 25 მარტი – საქართველო – ტამპერე (ფინეთი) -14:00 26 მარტი – ტარტუ (ესტონეთი) – საქართველო – 11:00 26 მარტი – ვასილეოსტროვსკაია (რუსეთი) – საქართველო – 18:30 27 მარტი – საქართველო – მუკი (ფინეთი) -11:00