15-წლამდელთა ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ევროპის ლიგის მეორე ეტაპში 1 მატჩი მოიგო

15-წლამდელთა ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ევროპის ლიგის მეორე ეტაპში 1 მატჩი მოიგო

საქართველოს 2002 წელს დაბადებულთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპის სათამაშოდ მოსკოვში იმყოფება, სადაც დღეს ეტაპი დაასრულა. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა 15-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთის დედაქალაქში 5 მატჩი გამართა, საიდანაც მხოლოდ 1 მოიგო.
ევროპის ახალგაზრდული ლიგა 3 ეტაპისგან შედგება, რომლებიც შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე იმართება და თითოეულში მონაწილე გუნდი 5 შეხვედრას ატარებს. საქართველოს ნაკრებმა 20-23 ოქტომბერს ლატვიის დედაქალაქში გამართულ პირველ ეტაპში ხუთივე შეხვედრა დათმო, 21 იანვარს კი მოსკოვში სეზონის პირველი გამარჯვება ბელარუსულ „პრინემანიესთან“ იზეიმა – 55:45.
ამ შეხვედრამდე ქართველებმა 3 მატჩი დათმეს – ლიტვურ „კნაშიაუშთან“ (38:50), მოსკოვის ცსკა-სთან (47:67) და სანკტ პეტერბურგის „ადმირალტეისკაიასთან“ (32:44). მეორე ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართელოს ნაკრებმა დღეს ლიტვურ „კლაიპედასთან“ გამართა და 51:57 წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო, ეტაპის სიმბოლურ ხუთეულში ქართველი მოთამაშე შეიყვანეს. ეს გახლავთ რუსთავული საკალათბურთო სკოლის აღსაზრდელი ზურა ვაშაკიძე, რომელიც ევროპის ლიგის წლევანდელი სეზონის 9 მატჩში საშუალოდ 15.3 ქულას, 6.2 მოხსნას და 1 პასს აგროვებს. 
გამოარჩიეს მეორე ქართველოც: გიორგი ბიგანაშვილი საქართველოს გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 
საქართველოს ნაკრები მოსკოვში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: დავით სახოკია, პაპუნა ცხვედიანი, ნიკოლოზ ნუცუბიძე, საბა შავგულიძე, რომან ჭინჭარაული, ნიკოლოზ ზაქარაძე, ვახტანგ გოგბერაშვილი, ზურაბ ვაშაკიძე, გიორგი ბიგანაშვილი, ნიკა კიშკო, დავით გოგაძე, მათე კაპანაძე
საქართელოს 15-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის მესამე და ბოლო ეტაპს 16-19 მარტს, პოლონეთის ქალაქ ზორიში გამართავს.