ფინალი. პირველი მატჩი. 13 მაისი
აკადმეია – ქუთაისი 70:67
ფინალური სერიის პირველი მატჩი დღეს აკადემიის დარბაზში გაიმართა. მასპინძლებმა „ქუთაისს“ დაძაბულ ბრძოლაში – 70:67 დაამარცხეს.აკადემიელებს ახლა ერთი მოგებაღა აშორებთ ჩემპიონობამდე.
თუმცა ჯერ ქუთაისშია საპასუხო მატჩი სათამაშო, რომელიც 16 მაისს გაიმართება. თუკი იქ მასპინძლებმა მოიგეს, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ისევ აკადემიის დრბაზში გაიმართება.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ის ძალიან დაძაბული იყო. განსაკუთრებით კი ბოლო წუთები. ქუთაისელები მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყვნენ. პირველი და მეორე მეოთხედი ქუთაისელებმა ერთნაირი ანგარიშით – 18:11 მოიგეს და დიდ შესვენებაზე სოლიდური სხვაობით გავიდნენ – 36:22.
სრული ფოტოგალერეა
მესამე მეოთხედში აკადემიელებმა გარდატეხა შეიტანეს თამაშში. ტანმაღალი მოთამაშეების აქტიურობის ხარჯზე მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ლერი კვანტალიანი და ბექა ნადირაძე ჩინებულად ათამაშდნენ და მესამე ათწუთეული „აკადემიამ“ 29:17 მოიგო.
სტუმრებმა გადამწყვეტ მეოთხედში მაინც მოახერხეს მობილიზება და ლევან გრძელიძის აქტიურობის შედეგად 9–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მერე კი ქუთაისელებბისთვის საბედისწერო რამ მოხდა – მოედნიდან პერსონალურების გამო ერთ–ერთი მთავარი მეფარე თემურ ფხაკაძე გაუვარდათ, რის შემდეგაც აკადემიელებმა საწადელი აისრულეს – ანგარიში გაათანაბრეს და ბოლოსწინა წუთზე დაწინაურდნენ. თამაში საკუთარ თავზე აიყო ლევან გრძელიძემ, თუმცა ზედიზედ სამი სროლა გააცდუდა, მასპინძლებს კი ბექა დარახველიძე გამოადგათ, რომელმაც ჯერ ბურთი ჩაჭრა, მერე დამაწინაურებელი ორქულიანი ჩააგდო. 3 ქულით ჩამორჩენილმა ქუთაისელებმა ბოლო წამებზე მოახერხეს სამიანის სროლა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა და „აკადემიამ“ გამარჯვება მოიპოვა.