16–წლამდელები ანკარის საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან

 
 საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ხვალ გამთენიისას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიემგზავრება, სადაც 14–22 თებერვალს წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 16–წლამდელთა ნაკრები გასულ დეკემბერს ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ევროპის წამყვან ნაკრებებთან ერთად ქალაქ ისკარის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ეს ტურნირები არის მოსამზადებელი ეტაპი იმ ევროპის ჩემპიონატისა, რომელიც 6–16 აგვისტოს პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გაიმართება. კადეტთა ნაკრებს ამ ტურნირზე გამგზავრებაში კალათბურთის ფედერაციასთან ერთად თბილისის მერიის სპორტის სამსახურიც ეხმარება.
საქართველოს, ბულგარეთისა და სლოვენიის გარდა, ანკარის საერთაშორისო ტურნირის ყველა მონაწილე ევროპის ჩემპიონატის  A დივიზიონის წარმომადგენლია.
 
A ჯგუფი: საფრანგეთი, საბერძნეთი, უკრაინა, პოლონეთი, საქართველო, სლოვენია
B ჯგუფი: იტალია, თურქეთი, ხორვატია, რუსეთი, გერმანია, ბულგარეთი
საქართველოს ნაკრების კალენდარი: პოლონეთი (14 თებერვალი), უკრაინა (15), საფრანგეთი (16), საბერძნეთი (17), სლოვენია (18)
 
თითო ჯგუფიდან საუკეთესო 4 გუნდი მეოთხედფინალიდან გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის. 5–6 ადგილზე გასულები კი 8–12 ადგილებს გაითამაშებენ.
 
გუშინ „სპორტკაფეში“ ამ ტურნირზე გამგზავრებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მოთამაშეებთან ერთად გუნდის მწვრთნელები და თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ზაზა დოლიძე დაესწრნენ.
 

 
საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა
ბექა ბურჯანაძე                                                                  ცენტრი
გიორგი ამირხანაშვილი                                                    უკანახაზელი
ბექა ღუდუშაური                                                                უკანახაზელი
ოთარ ფხაკაძე                                                                      უკანახაზელი
ირაკლი მიქელაძე                                                               უკანახაზელი
ლევან ლოლიშვილი                                                           ფორვარდი
გელა გულმაგარაშვილი                                                     უკანახაზელი
გეგი მესხი                                                                             ფორვარდი
ბექა ნადირაძე                                                                       ცენტრი
არჩილ ფეიქრიშვილი                                                          ფორვარდი
საბა ლობჟანიძე                                                                     უკანახაზელი
ვალერი კვანტალიანი                                                          ფორვარდი
ლევან ლეშკაშელი                                                                უკანახაზელი
 
მთავარი მწვრთნელი:        გია კაზანჯიანი
მწვრთნელის ასისტენტი:  არჩილ ჟღენტი
გუნდის უფროსი:               გელა წულაძე
 
 
ზაზა დოლიძე:
„იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები დიდ გამოცდილებას მიიღებენ ანკარის საერთაშორისო ტურნირზე და ეს მათ წაადგებათ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლაში. მერიის სპორტის საქალაქო სამსახური ყურადღებას ყოველთვის აქცევდა ამ ასაკობრივ ნაკრებს და მომავალშიც მიაქცევს. ხოლო თუკი ბიჭები შედეგსაც აჩვენებენ, დაფინანსება თავისთავად გაიზრდება“
 
გია კაზანჯიანი:
 „ვფიქრობ, ეს ტურნირი საუკეთესო სასუალებაა საიმისოდ, რომ ჩვენი გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები დავინახოთ. ამავდროულად, მომზადებისა და გამოცდილების მიღების მხრივაც ძალიან წაგვადგება. გუნდი 8 იანვრიდან ვარჯიშობს და მომზადების მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ანკარაში ევროპის უძლიერეს გუნდებთან მოგვიწევს თამაში და ეს მომენტი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, რაც შეიძლება, მეტი უნდა შევიძინოთ თითოეული შეხვედრიდან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კალათბურთის ფედერაციას და მერიის სპორტის საქალაქო სამსახურს, რათა ჩვენს ნაკრებს მოსამზადებლად კარგ პირობებს უქმნის“.
 
არჩილ ჟღენტი:
„ნაკრების ყველა წევრი ჯანმრთელადაა და მოსამზადებელი პერიადიც გავლილი აქვს. ვფიქრობ, მთავარი ამ ეტაპზე თამაშების ჩატარებაა და შედეგი მეორე პლანზე გადადის. თურქეთში ევროპის საუკეთესო ნაკრებები დაგვხვდება და ეს ბიჭები დიდ გამოცდილებასაც მიიღებენ“.