დღეს გამთენიისას საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები კიევში გაემგზავრა, საიდანაც მოგვიანებით ესტონეთში გადავა. გია კაზანჯიანის დამოძღვრილი ქართველი კალათბურთელები უკრაინელებთან სამ (20, 21, 22 ივლისს), ხოლო ესტონელებთან ორ (24, 25 ივლისს) საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ.
ეს გახლავთ მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს სხვათა შორის სწორედ ესტონეთში მოუწევს 5 აგვისტოს ჩასვლა, სადაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გაიმართება. ჩვენი მეტოქეები ჯგუფში რუმინეთის, ლუქსემბურგის, ბელგიის და სლოვენიის 16–წლამდელები იქნებიან.
სწორედ ამ ტურნირისთვის ემზადებიან ქართველი კადეტები, რომლებსაც უკრაინაში და ესტონეთში გასამართი 5 საკონტროლო მატჩი ძალიან უნდა წაადგეს. უნდა აღინიშნის, რომ 16–წლამდელებს დანარჩენ ასაკობრივ ნაკრებებთან შედარებით ყველაზე კარგი მოსამზადებელი გრაფიკი აქვთ.
უკრაინულ-ესტონურ ტურნეში ჩვენი ნაკრები ამ შემადგენლობით გაემგზავრება:
ვალერი კვანტალიანი, ბექა ნადირაძე, ლევან ცხაკაია, ბექა დარახველიძე, რობერტ გოგბაიძე (ყველა “აკადემია”), ირაკლი მიქელაძე, ნიკა რამიშვილი (ორივე “ბათუმი”), შოთა გოლეთიანი (“სოხუმი”), ბექა ბურჯანაძე (“კახასოლი” ესპანეთი), ლევან ლოლიშვილი, მიშა ანანიაშვილი (ორივე “ორბი”) ლევან გრძელიძე, გიორგი ცირეკიძე, გიორგი იაშვილი (სამივე “ქუთაისი”)
მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი
ასისტენტი მწვრთნელი: არჩილ ჟღენტი
ექიმი: დავით ხარაბაძე