16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიებში “ქუთაისი 2” და “ზაზა” დაწინაურდნენ

16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიებში “ქუთაისი 2” და “ზაზა” დაწინაურდნენ

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალური სერიები დაიწყო. 27 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში ორივე ნახევარფინალურმა წყვილმა ითამაშა. თავდაპირველად ერთმანეთს “ზაზა 1” და “ქუთაისი 1” შეხვდნენ. მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით – 74:56 (სტატისტიკა) დასრულდა და ზაზას აკადემიელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

გამარჯვებულთაგან 15 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი მოსიაშვილი. 12 ქულა დააგროვა გიორგი მახნიაშვილმა, ნუგზარ ბოჭორიშვილის ანგარიშზე კი 6 ქულა, 7 პასი, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. “ქუთაისში” 17 ქულით როლანდ დევიძე გამოირჩა, 12 ქულა და 10 მოხსნა გივი იმედაძის ანგარიშზე დაგროვდა.

მეორე ნახევარფინალი უფრო დაძაბული გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს “ჰიუნდაი” და “ქუთაისი 2” შეხვდნენ. ქუთაისელები თავიდანვე დაწინაურდნენ და მთელი თამაში დამაკერებლად იგებდნენ, თუმცა ჰიუნდაელებმა ბოლო პერიოდში მოახერხეს ვითარების დაძაბვა. მეტოქესთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ცოტნე ვაშაყმაძის ლიდერობით იმერულმა კლუბმა დასკვნით წუთებზე შედეგიანად ითამაშა და გამარჯვებას მიაღწია – 74:61 (სტატისტიკა).

გამარჯვებულთაგან 29 ქულით, 8 პასითა და 6 მოხსნით ბომბარდირი გახდა ცოტნე ვაშაყმაძე. გიორგი სულაბერიძე 17 ქულითა და 19 მოხსნით გამოირჩა. “ჰიუნდაიში 15 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი გუგუციძე. 14 ქულა ლუკა ლურსმანაშვილის ანგარიშზეა.

ორივე წყვილში სერიის მეორე მატჩები ოლიმპიურ სასახლეში 28 მაისს გაიმართება.