საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბლაგოევგრადში მეორე მატჩიც მოუგო ბულგარელ თანატოლთა ნაკრებს და შავი ზღვის გადაღმიდან თავაწეული მოემგზავრება. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 4 საკონტროლო მატჩიდან მე-3 მოიგო – წინ კი კიდევ 5 ამხანაგური მატჩი ელის.
16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 18-28 აგვისტოს ბოსნისს დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. ქართველებმა საკონტროლო მატჩები 13 ივლისს ესტონეთიდან დაიწყეს, სადაც ერთი თამაში დათმეს, მეორე კი მოიგეს. ბალტიისპირეთიდან კაზანჯიანის გუნდმა საქართევლოს გავლით ბულგარეთში გადაინაცვლა, სადაც მეორე საკონტროლო მატჩი მოუგო მასპინძელ თანატოლებს.
პირველი შეხვედრა ქართველებმა გუშინ – 63:62 მოიგეს, ხოლო დღეს მასპინძლებს დაახლოებით იგივე სცენარის მატჩში 69:67 სძლიეს. ორივე მატჩში ქართველები გადამწყვეტი მეოთხედის წინ დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა მსაჯების მიკერძოების გამო ბულგარელებმა მიახლოვება მოახერხეს. დღვანდელ მატჩში კაზანჯიანის გუნდი სულაც 13 ქულით იგებდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვების მოპოვება სათუო გაუხდა. შეხვედრას ბულგარელი არბიტრები მსაჯობდნენ და რა მარჩიელობა უნდა, რომ თანამემამულეების მიმართ მეტ ლოიალობას გამოიჩენდნენ, თუმცა ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ბულგარელებმა არა დიდი სხვაობით, არამედ ღირსეული ანგარიშით წააგეს.
საქართველოს ნაკრები ხვალ საქართველოში დაბრუნდება და შეკრებას თბილისში განაგრძობს, ხოლო 28 ივლისს მორიგი საკონტროლო მატჩების გასამართად ჰოლანდიისკენ აიღებს გეზს.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ბულგარეთი. ბლაგოევგრადი. 17 ივლისი
ბულგარეთი 67:69 საქართველო
13:19, 13:23, 16:13, 25:14
საქართველო: გოგალაძე (4ქ, 5მ), გოგობერიშვილი (10ქ), ლომიძე (9ქ), ალიევი (4ქ, 8მ, 5დ), ისიანი (11ქ, 9მ, 3ქ); ცქიფურიშვილი (13ქ), ცირეკიძე (11ქ), კერესელიძე (5ქ), სანაია (2ქ), თვალაბეიშვილი, ქვარაია, ნუცუბიძე, აფხაზავა