წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დღეს დაწყებულ ტურნირზე ქართველების პირველი მეტოქე ბელგია იყო, რომელმაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს 14 ქულის სხვაობით – 60:46 სძლია.
ქართველებმა ბელგიელებს 2 – მეორე და მეოთხე პერიოდები მოუგეს, თუმცა პირველი და მესამე ათწუთეულები ისეთი დიდი სხვაობით წააგეს, რომ საბოლოოდ მარცხი თავიდან ვერ აიცილეს. ბელგიელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პერიოდის 21:6 მოგებით ქართველებს საკუთარი ამბიციები დაუდასტურეს.
ჩერქეზიშვილის გუნდმა მეორე პერიოდში თამაში გამოასწორა, მაგრამ ეს საერთო სურათის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველები ვერ აჩერებდნენ ლენი კოპენსსა და ვინსენტ პიტერსს, რომლებმაც საბოლოოდ 17-17 ქულა მიითვალეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე მეოთხედი 14:13 მოიგო და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა მხოლოდ 14 ქულამდე შეამცირა.
მესამე ათწუთეული გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბელგიელებმა კიდევ უფრო უმატეს ტემს, რამაც მათ პერიოდი 21:12 მოაგებინა და ქართველების ბედიც გაირკვა – 23 ქულით გალიდერებული ბელგიელების დამარცხება, მით უმეტეს, იმ თამაშით, რასაც საქართველო უჩვენებდა, წარმოუდგენელი იყო. საბოლოოდ ბენილუქსელებმა 14 ქულით იმარჯვეს.
ბელგიელ მექულეებზე უკვე ვთქვით და საქართველოს ნაკრებში 14 ქულით ბომბარდირი გოგა ბითაძე გახდა. 10 ქულა ჰქონდა ნიკა ჩეჩელაშვილს, ხოლო ზაურ ჯანელიძემ 8 ქულა მიითვალა. ქართველებმა ძალიან ცუდად ისროლეს საჯარიმოები (10-დან 2) და სამქულიანები (16-2).
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 7 აგვისტოს, შვეიცარიასთან, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავს.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 6 აგვისტო საქართველო 46:60 ბელგია 6:21, 14:13, 12:21, 14:5სრული სტატისტიკა: 46:60