18–წლამდელთა ჩემპიონატში დაუმარცხებელი აღარავინაა: “აკადემიამ” მართვე 2–თან წააგო

5 დეკემბერი. ქუთაისი
ქუთაისი 53:67 დინამო
11:19 10:23 15:8 17:17
ქუთაისი: ბიკაშვილი (14), ტუკვაძე (11 ქულა, 17 მოხსნა)
დინამო: დეკანოიძე (16 ქულა, 16 მოხსნა), ალხანაიძე (16), ბაქრაძე (12)
6 დეკემბერი. “სასოფლოს” დარბაზი
მართვე–1 79:84 სამედიცინო
22:30 17:27 25:6 15:21
მართვე–1: ტეტელაშვილი (29), ძიძიშვილი (18 ქულა, 11 მოხსნა)
სამედიცინო: ლეჟავა (25), წიკლაური (21 ქულა, 9 მოხსნა), მაისურაძე (11 ქულა, 12 მოხსნა)
აკადემია 83:87 მართვე–2
16:22 23:20 25:22 19:23
აკადემია: ელიაძე (27), სანაია (17), ჯავახიშვილი (12 ქულა, 10 მოხსნა)
მართვე–2: გლოველი (24 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი), ლომოური (20 ქულა, 10 მოხსნა), ჭიჭვეიშვილი (20), ბაშარაული (19)
ენერჯი–ინვესტი 78:64 დინამო
16:23 21:14 18:13 23:14
ენერჯი: ელანიძე (17), ჩერქეზიშვილი (14), კოლოსოკი (7 ქულა, 17 მოხსნა)
დინამო: დეკანოიძე (19 ქულა, 16 მოხსნა), გუგუშვილი (12), გულდედავა (12)
 

“აკადემია” – “მართვე–2”
 

მართველ ნოდარ ქაჩლიშვილს აკადემიელი კახა მუმლაძე აესვეტა
 

აკადემიელმა ლევან ელიაძემ (#15) 27 ქულა მოიხვეჭა
 
ასაკობრივი ჩემპიონატებიდან გასულ კვირაში 20–წლამდელები ისვენებდნენ, ხოლო 16–წლამდელები ნაკრების ესპანეთში გამგზავრების გამო უქმობდნენ. შესაბამისად, მხოლოდ 18–წლიანებმა ითამაშეს და “სასოფლოს” გამთბარ დარბაზში მისულ მაყურებელს საინტერესო ორთაბრძოლებიც უჩვენეს.
თუმცა შაბათამდე ერთი დღით ადრე ქუთაისში გაიმართა ერთი მატჩი, რომელიც ასევე დაძაბულად წარიმართა და დინამოელების გამარჯვებით დასრულდა. ახლა კი “სასოფლოში” მომხდარ ამბებზე მოვყვეთ, სადაც პირველი დამარცხება განიცადა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილმა “აკადემიამ”.
გია კაზანჯიანი 16–წლამდელებს ესპანეთში გაჰყვა, “აკადემია” კი კახა შენგელიას გაწვრთნილ “მართვე–2”–თან სათამაშოდ მისმა თანაშემწემ გაიყვანა. თამაში უაღრესად დაძაბული გამოვიდა, სადაც გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა.
მართველები თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდნენ ლიდერობას. მათი ლიდერი გიორგი გლოველი ბევრს კი აცილებდა, მაგრამ ბევრსაც აგდებდა. მას ბექა ჭიჭვეიშვილი და აკაკი ლომოურიც აშველებდნენ ხელს და კახა შენგელიას გუნდი 5–8 ქულით თითქმის სულ წინ იყო პირველ ნახევარში.
მეორე ტაიმიდან აკადემიელები გამოცოცხლდნენ, რაც ლევან ელიაძისა და დათო სანაიას ზუსტი სროლების დამსახურება იყო. “აკადემიამ” ანგარიში მესამე მეოთხედში გაათანაბრა და გადამწყვეტი მეოთხედიდან ყველაფერი ახლიდან დაიწყო.
ბოლო ათწუთეულშიც თანაბრად განვითარდა მოვლენები, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა მცირედით, ხან მეორე და ასე მოატანა ბოლო წუთმა. მართველები 83:81 იგებდნენ და ლევან ელიაძემ საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან ანგარიში გაათანაბრა. მართველებმა შეტევა წამოიწყეს, აკადემიელები კი დასრულებამდე 6 წამით ადრე დაჯარიმდნენ და გიორგი გლოველმა “მართვე–2” 85:83 დააწინაურა. აკადემიელებს თამაშის გადასარჩენად კი ჰქონდათ საკმარის დრო, მაგრამ მათ გადამწყვეტ შეტევაში ბურთი დაკარგეს და…
“მართვე–1”–ისა და “სამედიცინოს” მატჩი არანაკლებ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ფავორიტად ცხრილის მიხედვით მართველები ითვლებოდნენ, თუმცა სერგო იშხნელის გაწვრთნილმა “მედიკოსებმა” ისე მშვენივრად ითამაშეს პირველ ტაიმში, რომ გია ტეტელაშვილის გუნდს შანსი არ დაუტოვეს. იოსებ ლეჟავა გონივრულად თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, მას მხარს უბამდა შოთა წიკლაურიც და “სამედიცინომ” პირველი ტაიმი 18 ქულით, 57:39 მოიგო.
 

სერგო იშხნელი “მედიკოსებს” წუთშესვენებაზე დარიგებებს აძლევს
 

გია ტეტელაშვილი თავისი შეგირდების თამაშით უკმაყოფილოა
 

“სამედიცინოს” ლიდერ–ბომბარდირი იოსებ ლეჟავა
 
შესვენების შემდეგ მართველები გამოცოცხლდნენ, რაც მათი ფეხმარდი გამთამაშებლის, გიორგი ტეტელაშვილის დამსახურება იყო. “მართვე–1”–მა მესამე მეოთხედის საწყისი 8 წუთი 23:4 მოიგო და 62:61 დაწინაურდა. აქ ალბათ ყველამ იფიქრა, რომ “სამედიცინო” გატყდებოდა, მაგრამ იშხნელის შეგირდებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და მატჩის დარჩენილი ბოლო ათწუთეული მობილიზებულად ჩაატარეს, რაც დაუფასდათ კიდეც. მართველები წელში ლეჟავას სამქულიანმა გატეხა, რომელიც “მედიკოსთა” თმახუჭუჭა უკანახაზელმა სირენამდე წუთნახევრით ადრე ჩააგდო და თვისიანები 6 ქულით დააწინაურა. საბოლოოდ კი იშხნელის გუნდმა 84:79 დაამარცხა “მართვე–1” და ცხრილში ზემოთ აიწია.
ბოლო შეხვედრაში ძალიან დაძაბული იყო საწყისი სამი მეოთხედი. დავით თორთლაძის “დინამო”  თავიდან დამაჯერებლად უგებდა ნიკო ჩერქეზიშვილის “ენერჯი–ინვესტს”, თუმცა თამაშის სასურველი ანგარიშით დასრულება ვეღარ მოახერხა. “ენერჯიში” გაიბრწყინა მთავარი მწვრთნელის შვილმა ირაკლი ჩერქეზიშვილმა, რომელმაც თამაშში გარდატეხა შეიტანა, ხოლო როცა გიორგი ელანიძემ და ედუარდ კოლოსოკმაც თავი გამოიდეს, “დინამოს” წაგება გარდაუვალი გახდა.
 

 

თამაში

მოგება

წაგება

ქულა
მართვე 2

6

3

3

9
აკადემია

5

4

1

9
მართვე 1

5

3

2

8
სამედიცინო

5

3

2

8
დინამო

5

3

2

8
ქუთაისი

5

2

3

7
ენერჯი

4

2

2

6
რუსთავი

4

2

2

6
ნაკრები 93 

5

0

5

“დინამო” – “ენერჯის” შორის ისეთი ბრძოლა იყო, ერთმანეთზე გადადიოდნენ

 დინამოელ ნიკო გულგედავას (ბურთით) სამწამიანთან ნიკა მაღრაძე გადაეღობა  
 

“დინამო” – “ენერჯი–ინვესტი”