18–წლამდელთა ნაკრები ევროპისთვის ისრაელთან მოემზადება

გუშინ, 10 ივნისს, საქართველოს ჭაბუკთა (18–წლამდელთა) ნაკრები კალათბურთის აკადემიაში შეიკრიბა და მზადება დაიწყო ევროპის ჩემპიონატისთვის. შეგახსენებთ, რომ მიხეილ კობეშავიძის გუნდი B დივიზიონშია და გვარიანი ბრძოლა ელის, ელიტაში რომ აინაცვლოს.
საკვალიფიკაციო ტურნირი 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები C ჯგუფში მოხვდა რუმინეთის, ჰოლანდიის, შოტლანდიისა და მონტენეგროსა  ნაკრებებთან ერთად. სულ B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ელიტაში აინაცვლებს და 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოვა ის 2 ნაკრები, რომლებიც სარაევოში საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
 

მიხეილ კობეშავიძე
 
საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში 16 კალათბურთელით დაიწყო. ესენი არიან:
უკანა ხაზი: გივი ბაქრაძე, გიორგი ტეტელაშვილი, გიორგი გლოველი, ტარიელ თავართქილაძე, ბექა ჩიკვილაძე.
ფორვარდები: დავით იოსელიანი, აკაკი ლომოური, მერაბ ბოქოლიშვილი, ნოდარ თენიეშვილი, დუდა სანაძე, ბექა ჭიჭვეიშვილი.
ცენტრები: ლევან სულაბერიძე, ბექა ბექაური, დავით ალხანაიძე, გოგა ჯავახიშვილი, აკაკი დვალიშვილი.
როგორც ხედავთ, შემადგენლობაში არაა ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე თორნიკე შენგელია. იგი, მართალია, ჯერ არ ჩამოსულა საქართველოში – იტალიაში, ტრევიზოს კემპზე იმყოფებოდა, თუმცა შენგელია თავისუფალი რომც იყოს, ჭაბუკთა ნაკრებში მისი თამაში მაინც სათუოა. საქმე ისაა, რომ თორნიკე შარშან ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ჩვენს გუნდს ოფიციალურ მატჩებშიც დაეხმარა და მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მისი დახმარება წლეულსას ითხოვა. აი, რას ამბობს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე ამ საკითხზე:
 
„შენგელიას ჭაბუკთა ნაკრებში თამაში ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც ვიცი, მას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი თავისი გუნდისთვის ამზადებს. ჯერ გადაწყვეტილი არაა, დაგვეხმარება თუ არა შენგელია, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ვარჯიში მის გარეშე დავიწყეთ. შენგელია თუ არ გვეყოლება, ევროპის ჩემპიონატზე ძალიან გაგვიჭირდება. თუნდაც ჯგუფიდან გასვლის შანსები მინიმუმამდე დადის“.
 
ჭაბუკთა ნაკრებს თბილისურის გარდა უცხოური შეკრებაც ექნება. 28 ივნისს კობეშავიძის გუნდი ისრაელში გაემგზავრება და იქაურ 18–წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც A დივიზიონში გამოდის, 3 ამხანაგულ მატჩს გამართავს.
 
„ისრაელის ნაკრებთან მატჩები ძალიან წაგვადგება ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. სანამ ისრაელში გავემგზავრებით, თბილისში მოვემზადებით, ოპტიმალურ შემადგენლობას შევარჩევთ და ფიზიკურად მოვმძლავრდებით. თავდაპირველად 10 დღე მძლეოსნობაში მოვემზადებით, შემდეგ უშუალოდ ტაქტიკაზე გადავალთ და ისრაელში წასვლის დროც მოვა, სადაც 14 მოთამაშით გავემგზავრებით. საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატისთვის კი 12 კალათბურთელს შევარჩევთ“.