1999 წელს დაბადებულთა ნაკრები წლის დასკვნით შეკრებას ბაკურიანში გადის

1999 წელს დაბადებულთა ნაკრები წლის დასკვნით შეკრებას ბაკურიანში გადის

საქართველოს 1999-წლიანთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე ბაკურიანში გაემგზავრა. ეს ის გუნდია, რომელიც შარშან შეიკრიბა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, 2015 წელს თბილისმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს და 9 სახეობაში ქართული ნაკრები გუნდები ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.
1999-წლიანთა ნაკრებში ის მოზარდები არიან თავმოყრილნი, რომლებიც ამ ასაკში საუკეთესონი არიან. ნიკო ჩერქეზიშვილისა და ზურაბ ტომარაძის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ახლახან დაასრულა თურქული შეკრება, სადაც ამ ქვეყნის გრანდების ასაკობრივ გუნდებთან სპარინგ-მატჩები გამართა.
წლის დასკვნითი აკორდი უმეტესად ფიზმომზადებას ეთმობა. 20-დან 30 დეკემბრამდე 15-წლამდელთა ნაკრები ბაკურიანში მოემზადება. როგორც გუნდის მენეჯერმა, გიორგი ბუცხრიკიძემ გვამცნო, მოთამაშეებს სამჯერადი ვარჯიშები აქვთ. დილას და შუადღეს ნაკრების წევრები ფიზმომზადებას მძლეოსნობის სპეციალისტ მალხაზ ლობჟანიძის ხელმძღვანელობით გადიან, საღამოს კი მწვრთნელებთან ერთად დარბაზში, საკალათბურთო კომბინაციებს ამუშავებენ.
ნაკრების წევრები საახალწლო არდადეგებზე 30 დეკემბერს გავლენ, როცა ბაკურიანიდან დაბრუნდებიან. შეკრებაზე 15-წლამდელთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

ბერდია ქავთარაძე, გოგა ბითაძე, ზაურ ჯანელიძე, ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, ივანე მეგენეიშვილი, საბა ხურცილავა, ლუკა სუხიშვილი, გიორგი მამალაძე, ლადო ალავიძე, დემეტრე ფიფია, აკაკი ფიფია, სანდრო მამუკელაშვილი, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, რატი მდივანი, ნიკა აბულაძე
მწვრთნელები: ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ზურაბ ტომარაძე
ფიზ-მომზადება: მალხაზ ლობჟანიძე
მენეჯერი: გიორგი ბუცხრიკიძე