20–წლამდელები: რუსთავი ფინალში გავიდა და ტიტულს დაიცავს

რუსთავი – ნიკეა 84:57
„ენერჯი–ინვესტი“ ფინალშია. ქვემოქართლურმა მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა გუშინ „ნიკეას“ შანსი არ დაუტოვა, რევაზ ჩაჩანიძის უმნიშვნელოვანესი სამქულიანების წყალობით 84:57 იმარჯვა და ტიტულს „ჰიუნდაისგან“ დაიცავს.
რუსთავში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული იყო. თბილისელებმა 0:10 ჩამორჩენის შემდეგ 17:16 ლიდერობა მოიპოვეს, რითაც მასპინძლებს დაანახვეს, რომ დანებებას არ აპირებდნენ. პირველი მეოთხედი რუსთაველთა 4–ქულიანი ლიდერობით დასრულდა, ხოლო დიდი შესვენებისას მასპინძლები 40:29 იგებდნენ.

ფოტოგალერეა
მეორე ტაიმი მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. რუსთაველებმა მესამე მეოთხედი 32:7 მოიგეს და ბოლო, მეოთხე ათწუთეულს აზრი დაუკარგეს. თავი და თავი მასპინძელთა ამხელა უპირატესობის მოპოვებისა რევაზ ჩაჩანიძე გახლდათ, რომლის მეტსახელი “ხაშურაა” და რომელმაც მესამე მეოთხედში 4–დან 4 სამქულიანი ჩააგდო, სულ კი 7–დან 7 შორი სროლა მოათავსა თბილისელთა კალათში.
ჩაჩანიძის სამქულიანებმა თბილისელები საბოლოოდ წელში გატეხეს და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე რუსთაველები ორმაგი ანგარიშით ლიდერობდნენ: 72:36.
მაშ ასე, მოქმედი ჩემპიონი რუსთავის „ენერჯი–ინვესტი“ ფინალში გავიდა და საჩემპიონო სერიაში „ჰიუნდაის“ შეერკინება.
ფინალური სერია 14 მაისს რუსთავში დაიწყება და ჩემპიონი გახდება ის გუნდი, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს.