3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი ლისის ტბიდან თბილისის შესარჩევი ტურით დაიწყო

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი ლისის ტბიდან თბილისის შესარჩევი ტურით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში თბილისის შესარჩევი ტურით, ლისის ტბაზე გაიხსნა. ღონისძიების მხარდაჭერი გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირდაპირ ეთერში ტურნირის მიმდინარეობისას არაერთი ჩართვა განხორციელდა, ხოლო ფეისბუქის გვერდით თამაშების ლაივ-რეპორტაჟი მიმდინარეობდა.
ლისის ტბაზე ამოვიდნენ, ტურნირის მსვლელობას დაესწრნენ და სატელევიზიო ჩართვებში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა და კანიდატებმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა. ნაკრების კალათბურთლებმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა ტელე თუ რადიო გადაცემებში მიიღეს მონაწილეობა, რომელთა სტუდიებიც ლისის ტბის მიმებარე ტერიტორიაზე, საველე პირობებში იყო მოწყობილი.
ტურნირი “Cheerleader”-ების ცეკვით გაიხსნა. თბილისის ტურიდან საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი გადიოდა და შესაბამისად, აქტივობაც დიდი იყო. შეჯიბრში მთლიანობაში 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 10 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. პლეი ოფისთვის 16 საუკეთესო შეირჩა, რომლებმაც ბრძოლა მეთექვსმეტედფინალიდან გააგრძელეს.

თბილისის ტურში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მხოლოდ 3×3 კალათბურთის მოთამაშეები, ისე სუპერლიგის მონაწილეებიც. გამარჯვება სწორედ სუპერლიგელებით გალიერებულ გუნდ „Old school”-ს დარჩა, რომლის შემადგენლობაშიც „ქუთაისის“ წევრი გიორგი ბარბაქაძე და მისი უფროსი ძმა – „სოხუმის“ ფორვარდი დავითი გამოდიოდნენ.
ბარბაქაძეებთან ერთად თბილისის ტურის გამარჯვებული გუნდის – „Old school”-ის ღირსებას იცავდნენ „ა“ ლიგის მოთამაშეები – რიჩარდ მათიაშვილი და რომან ტუკვაძე. მომავალმა გამარჯვებულებმა ფინალისკენ გზა ბრძოლაში გაიკვლიეს – პლეი ოფი პირველ წრეში L.R.G. 20:16 დაამარცხეს, შემდეგ „ბებერ არწივს“ 19:13 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში „არიქას“ გამარჯვება ბოლო წუთზე გამოგლიჯეს – 13:10. ფინალამდე აკრობატებმა ბატუტ-შოუ გამართეს, რომლის შემდეგაც პარაკალათბურთელების საჩვენებელი მატჩი მოეწყო. პარაკალათბურთელებთან ერთად თამაშში 3×3-ზე კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გრიგოლ გურგენიძეც ჩაერთო.
ფინალში „Old school”-ს შეხვდა Jeo Group-ი – გუგა პატარაიას, ვახტანგ ჩქარეულის, ლევან ტუხაშვილისა და ირაკლი ქილიფთარის შემადგენლობით. ფინალმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ის დაძაბულობა, რომელიც მთელი პლეი ოფის განმავლობაში იგრძნობოდა, ფინალში მაყურებელმა ვერ იხილა. „Old school”-მა 9 ქულის სხვაობით – 21:12 სძლია Jeo Group-ს და თბილისის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფინალში დამარცხებული Jeo Group-ი და თბილისის ტურის ჩემპიონი Old School-ი სპორტისა და ახალგარდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ბარბაქაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა.
თბილისის ტურიდან ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი გავიდა. ესენი არიან: Old school, Jeo Group, JI&JI, Splash, Team Z, Cheese, Old Eagle, არიქა. მომდევნო შესარჩევი ტურნირი 12 ივლისს, თელავში გაიმართება, რომელსაც მოყვება ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის ტურები.
ფინალური ეტაპი, რომელშიც შესარჩევი ტურნირებიდან გამოსული 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 22 ივლისს, „თბილისი მოლში“ გაიმართება.