3×3 საკალათბურთო ფესტივალი 3x3FALL2024 დასრულდა. სამი ტურნირისგან შემდგარი ღონისძიების დასკვნითი ტურნირი დღეს, 20 დეკემბერს, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა. თუკი 3x3FALL2024-ის წინა 2 ტურნირი 18 წლისა და უფროსებს შორის ჩატარდა, დასკვნითი ტურნირი არასრულწლოვანთათვის, ანუ 18-წლამდელებისთვის იყო განკუთვნილი.
ტურნირში 11 გუნდი მონაწილეობდა. შესაბამისად, შეიქმნა 3 სამგუნდიანი და 1 ორგუნდიანი ჯგუფი, რომლებიდანაც პლეი ოფის საგზურები მოიპოვეს და ნახევარფინალში ამ თანმიმდევრობით დაწყვილდნენ კოლხა vs TB და დეგუსტაცია vs ვსა. შედარებით დაძაბული პირველი ნახევარფინალი გამოდგა, რომელშიც კოლხამ 20:15 დაამარცხა TB, ხოლო ვსა-მ მეტოქეს დამაჯერებლად – 16:6 სძლია.
ვსა-ს რიგებში დავით ჭუაძე, მათე გუნივა, ზაურ ყანაშვილი და ალექსანდრე მესხი გამოდიოდნენ, ხოლო კოლხას ღირსებას ნიკა ამირანაშვილი, გიორგი რადჩენკო, გიორგი გაბუნია და მერაბ გურული იცავდნენ. ფინალური მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და კოლხას გამარჯვებით – 20:16 დასრულდა. კოლხა 2024 წლის დასკვნითი ტურნირის გამარჯვებული გახდა და პრიზად 900-ლარიანი ვაუჩერი მიიღო, ხოლო ფინალში დამარცხებულ ვსა-ს 700-ლარიანი ერგო.
3×3 საკალათბურთო სეზონი საშობაახალწლო პაუზა-არდადეგების შემდეგ გაგრძელდება.