გუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-6 ტური დღეს ბათუმში გაგრძელდა. ზღვისპირულმა გუნდმა, რომელიც ფაქტობრივად განახევრებული შემადგენლობით დაუხვდა თსუ-ს, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, რომელიც ბათუმელთა კარგი დაცვის წყალობით 85:82 დასრულდა.
მასპინძლებს სხვადასხვა მიზეზის გამო ლიდერები – გიორგი ოჩხიკიძე, კარსონ ბაშამი, უორენ მოუგანდა და ელნათს ზეფირი აკლდათ. ეს იყო კატასტროფის ტოლფასი დანაკლისი, რომლის კვალობაზეც ბათუმს გამარჯვების მინიმალური შანსი ჰქონდა. ქება და ქება ზღვისპირელთა ახალგაზრდებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს, რომ სოლიდური დანაკლისი ნაწილობრივ მაინც დაებალანსირებინათ. ნიკოლოზ ოჩხიკიძემ, დიანის გრიგორიანმა და ლუკა ჯინჭარაძემ მოედანზე მნიშვნელოვანი წუთები გაატარეს და გამარჯვებისთვის საკმაოდ სოლიდური საქმე შეასრულეს.
მათი დამსახურება უფრო დაცვაში თამაში და მოედანზე გუნდური მთლიანობის შენარჩუნება იყო, ხოლო ვინაც გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა, ლარი ჰაუელი გახლდათ. ბათუმელთა მოედანზე გასულმა ერთადერთმა ლეგიონერმა 35 ქულა მიითვალა, ის იყო მთავარი დამრტყმელი ძალა და საკვანძო ეპიზოდში ჩაჭრა და შედეგიანი სწრაფი შეტევა მიჯრით მიითვალა, ხოლო დასრულებამდე 11 წამით ადრე 2 საჯარიმოთი ბათუმი 3 ქულით დააწინაურა. ბათუმელთა შემადგენლობაში ლარი ჰაუელის შემდეგ შედეგიანი თამაშით დავით ლომიძე გამოირჩა, რომელმაც გუნდს 18 ქულა შემატა, ხოლო ვალერიან წულაისკირის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. რაც შეეხება სტუმრებს, თსუ-ს რიგებში ყველაზე მეტი, 23 ქულა დალას ჰაუელმა ჩაიწერა აქტივში. ამირან აროშიძემ 14 ქულა მიითვალა, ხოლო ანდრია ჭელიძემ და ილია ლონდარიძემ 12-12 ქულა შესძინეს მოაგროვეს.
თსუ-ს ჰქონდა დრო, მაგრამ მთავარი მწვრთნელის, ლექსო ლაფანაშვილი მიერ წუთშესვენებაზე დაგეგმილმა გეგმამ ბათუმელთა კარგი დაცვის გამო განხორციელება ვერ ჰპოვა. ენდრიუ ობრაიანის განწირული სამქულიანი მიზანს ასცდა და ბათუმმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.
დღესვე, დიღომ არენაზე „ბლექ ფორტრესი“ რუსთავს უმასპინძლებს.