ყატარის მოქმედმა ჩემპიონმა ალ შამალიმ, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები – გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი იცავენ, წაგებებს უხშირა. ალშამალელებმა ყატარის ჩემპიონატის სტარტზე 2 გამარჯვება იზეიმეს, მომდევნო 2 შეხვედრა კი წააგეს.
ქართველ კალათბურთელთა გუნდი ამჯერად ალ გარაფას ესტუმრა და 85:89 დამარცხდა.
ორივე ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა. მან 5-დან 2 ორქულიანი და 15-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ამერიკელ აარონ მიტჩელს ჩამორჩა, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. 36 წუთი დაჰყო მოედანზე ცინცაძემ, რომლის მონაგარიც 11 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, 5 სამქულიანი ააცილა, ბურთი 8-ჯერ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა.
ალ შამალს თანაბარი ბალანსი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 დეკემბერს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ ალ ვაკრასთან გამართავს.