“ა” ლიგის გათამაშება დაიწყო: რუსთავმა, კასპმა და სტუდენტებმა მოიგეს

“ა” ლიგის გათამაშება დაიწყო: რუსთავმა, კასპმა და სტუდენტებმა მოიგეს

დღეს 3 მატჩით “ა” ლიგის გათამაშება დაიწყო. ეს გახლავთ იერარქიულად სუპერლიგის დაბლა მყოფი ლიგა, რომლის მონაწილე 6 გუნდი პირველობისთვის იბრძვის. გამარჯვებულს “ა” ლიგის ჩემპიონის ტიტული ერგება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიზი სუპერლიგის საგზურია, რომელიც წინა სეზონში ვსა-ს ერგო. წლევანდელი 6 გუნდიდან ვინ მოიგებს საგზურს, აპრილში გამოჩნდება, მანამდე კი რეგულარული ჩემპიონატის 10 ტური და შემდეგ პლეი ოფებია.

გათამაშების სისტემა დაარსებიდან, 2016 წლიდან უცვლელია. 6 გუნდი 2 წრედ თამაშობს და 4 საუკეთესო პლეი ოფში გადის, მეხუთეადგილოსანი ლიგაში დასარჩენად მომავალი სეზონის წინ საკვალიფიკაციოს თამაშობს, ხოლო ბოლო, მე-6 ადგილზე გასული გუნდი ვარდება. ამ სეზონში “ა” ლიგას 2 დებიუტანტი ჰყავს – კასპის “გრიფინი” და “თავისუფალი-აგრარული”. ორივე მათგანმა პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა: კასპელებმა “ვერას” ბრძოლაში – 91:84 (სტატისტიკა) მოუგეს, ხოლო უნივერსიტეტთა გაერთიანებულმა გუნდმა “სოხუმი-საქართველოს” სძლია – 103:85 (სტატისტიკა)

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებულ გუნდს სათავეში ბესიკ ლეჟავა უდგას, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში სუპერლიგის წარმომადგენელ “ამრა გაგრას” წვრთნიდა. გუნდმა სუპერლიგის გუნდებიდან 2 მოთამაშე – ექს-ბათუმელი კოდი ბეარი და ექს-კავკასიელი ჯორდან სმიტი დაიმატა. ორივემ შედეგიანად ითამაშა, განსაკუთრებით კი ჯორდანმა, რომელმაც 9 ქულა და 13 პასი მიითვალა. სოხუმი-საქართველოს რაც შეეხება, ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა გუნდმა 3 ლეგიონერის გარეშე ითამაშა, რომლებიც გათავისუფლების წერილის მოლოდინში არიან.

გრიფინს ტრავმების გამო აკლდა 2 ამერიკელი, ამიტომაც გაუჭირდა “ვერას” ძლევა. უცხოელებიდან მხოლოდ მონტეს მატისმა ითამაშა, რომელმაც 30 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. მისი დამსახურებით კასპელებმა “ა” ლიგაში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი ტურის მე-3 მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც სუპერლიგიდან დაქვეითებულმა “რუსთავი 1991”-მა თელავის “ბურჯს” შანსი არ დაუტოვა – 92:60 (სტატისტიკა) სძლია და ოპერაცია სახელწოდებით “სუპერლიგაში დაბრუნება” წარმატებით დაიწყო. გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთაველებმა კახელებს საქმე პირველსავე პერიოდში მოუთავეს, რომელიც 31:14 მოუგეს, დიდ შესვენებაზე კი 25 ქულით ლიდერობდნენ. ტყუილად არ ვახსენეთ ზემოთ სუპერლიგაში დაბრუნება, რადგან ქვემო ქართლის გუნდს ელიტაში დაბრუნება გულში ღრმად ამოუჭრია და ამის გარდა ნებისმიერი შედეგი წარუმატებელი, მეტიც – მიუღებელი იქნება კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ქალაქის გულშემატკივართათვის. მიუხედავად გუნდის სუპერლიგიდან დაქვეითებისა, რუსთავის ახალი სპორტის სასახლე პირთამდე შეივსო და ქომაგებმა გამარჯვება კალათბურთელებთან ერთად გაიზიარეს.

მეორე ტური 12 და 13 იანვარს თბილისსა და თელავში გაიმართება.