“ა” ლიგის მე-2 ტურის ერთი შეხვედრა იყო დარჩენილი, რომელიც დიღმის არენაზე, ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ნახევარფინალების წინ გაიმართა. ერთმანეთს შარშანდელი ფინალისტი, “სოხუმი საქართველო” და სუპერლიგიდან დაქვეითებული “რუსთავი 1991” შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა, რომელიც რუსთაველთა გამარჯვებით – 105:100 (სტატისტიკა) დასრულდა.
პირველ ტურში რუსთავმა თელავის “ბურჯი” გაანადგურა, სოხუმი-საქართველომ კი “ა” ლიგის დებიუტანტ “თავისუფალთან” წააგო. აქედან გამომდინარე, ამ მატჩში უდავო ფავორიტად რუსთავული გუნდი ითვლებოდა, თუმცა რეალურად ასე არ იყო. სოხუმელებს წინა მატჩისგან განსხვავებით 3 ამერიკელი ლეგიონერი დაემატათ, რომლებმაც წინა ტურში გათავისუფლების ფურცლის არქონის გამო ვერ ითამაშეს. 3 უცხოელით გაძლიერებული სოხუმი-საქართველო საკმაოდ ძლიერ და კონკურენტუნარიან გუნდად წარსდგა, რომელიც მატჩის კარგა ხანს უგებდა “რუსთავს” და საბოლოოდ შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დათმო.
რუსთავმა კლასით და მეტი მონდომების ხარჯზე მოიგო. სუპერლიგიდან დაქვეითებული გუნდი ყველა თამაშის მოგებას აპირებს, რადგან სხვა შედეგი არ არსებობს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ორგანიზაციისთვის. რუსთავის გუნდმა სახელი არაერთგზის გამოიცვალა და ეს მისი მეპატრონე/დამფინანსებლის გამო მოხდა, თუმცა ბირთვი, უფრო კი, დასავლური სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანიზაცია ერთი იყო. შესაბამისად, ყველა მოგებული ჩემპიონობისა და ნებისმიერი ტიტულის სამართალმემკვიდრე დღევანდელი “რუსთავი 1991”-ია, რაზეც დასახელებაში არსებული წელიც მიანიშნებს.
რუსთაველებმა მესამე პერიოდში მოახერხეს დაწინაურება, მანამდე კი ჩამორჩებოდნენ. ბოლო წუთებზე, როცა რუსთავი 10 ქულით იგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, სოხუმი-საქართველოს მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს, ტაქტიკური ჯარიმებითა და სწრაფი გარღვევებით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და შეტევის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა ბოლო წამებზე დაცვაში დიდებულად ითამაშა ლუკა გიორგაძემ, რომელმაც საჯარიმოში არ შეუშვა სოხუმელთა უკანახაზელი ტრევონტე ანდერსონი და მატჩის ბედიც გადაწყდა.
რუსთაველთა გუნდში ბომბარდირი 33 ქულით კევონ ვოილსი გახდა, საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო დომენიკ კეისი გახდა, რომელმაც არასრულ 23 წუთში 19 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა გუგა პატაშურმა, ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა. სოხუმის გუნდში 22 ქულით, 7 მოხსნით და 3 დაფარებით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი. 23 ქულა მოაგროვა ტრევანტე ანდერსონმა, ედვარდ ოლივერის ანგარიშზე კი 21 ქულა და 9 მოხსნა იყო.
მე-2 ტურის შემდეგ 2-2 მოგებით რუსთავი და კასპის “გრიფინი” ლიდერობენ. მე-3 ტურის მატჩები 30 და 31 იანვარს გაიმართება.