აფხაზეთში გმირულად დაღუპული გოჩა თათრიშვილის თასი კასპში დარჩა

აფხაზეთში გმირულად დაღუპული გოჩა თათრიშვილის თასი კასპში დარჩა

კასპის ახლად გახსნილ დარბაზში გაიმართა აფხაზეთში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის გოჩა თათრიშვილის ხსოვნის ტურნირი, რომლის ინიციატორი იყო მწვრთნელი გია გვალია, ხოლო მხარდამჭერი ქალაქის მერია.

შეჯიბრებაში, რომელიც ოლიმპიური სისტემით გაიმართა, ოთხი გუნდი მონაწილეობდა – კასპს ეწვივნენ თბილისის, გორისა და ხაშურის გუნდები. პირველ ნახევარფინალში “გორმა” ხაშურს” თანაბარ ბრძოლაში სძლია, ხოლო “კასპმა” ასევე დაძაბულ თამაშში თბილისელებს აჯობა. მესამე ადგილისთვის მატჩში “ხაშურმა” “თბილისი” დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება საინტერესო სანახავი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ კასპელებმა 11 ქულით დაწინაურება მოახერხეს, “გორმა” მესამე პერიოდში სხვაობის შემცირება მოახერხა, ერთი ქულით წინაც გაიჭრა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ მოიკრიბა “კასპმა” ძალა, დარბაზიც აიყოლია და ბოლო წამებზე 76:69 გაიმარჯვა.

ორგანიზატორებმა ოთხივე გუნდს ორ-ორი მაღალი ხარისხის საკალათბურთო ბურთი გადასცეს. საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი, გოჩა თათრიშვილის სახელობის თასი კასპელ გიორგი სიმონიშვილს ერგო. იგი ტურნირზე საგანგებოდ მოწვეულმა ვეტერანმა კალათბურთელებმა გივი ბიჭიაშვილმა და ნოდარ ქორქიამ საქართველოს ნაკრების ფორმითაც დააჯილდოვეს. ხოლო ჩემპიონების კაპიტანს, ლაშა მამულაშვილს საჩემპიონო თასი აფხზეთში დაღუპული გმირის დედამ, ქალბატონმა ლამარა კახიანმა გადასცა.