საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინიციატივით, სუპერლიგის მოთამაშეების მონაწილეობით გაიმართა აქცია, რომელიც კიდევ უფრო შეუწყოფს ხელს საქართველოში კალათურთის პოპულარიზაციასა და მატჩებზე გულშემატკივართა მოზიდვას.
აქციის მონაწილეთა შორის სუპერლიგის ექვსივე გუნდის (“ენერჯი ინვესტი”, “თბილავიამშენი”, “ვითა”, “დინამო”, თსუ, “მაკაბი”) თითო წარმომადგენელი იყო. მოთამაშეებმა (გიორგი გამყრელიძე, პლასიდე როდუმტა, მიხეილ ბერიშვილი, ლექსო ლაფანაშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, გიორგი შერმადინი) სუპერლიგის ახალ დირექტორ გიორგი ზაბახიძესთან ერთად სუპერლიგის ფლაერების 55-ე საშუალო სკოლაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაკდონალდსა და რუსთაველის გამზირზე დაარიგეს, ყველაზე დიდი ყურადღებით კი აღნიშნულ აქციას სკოლაში მოეკიდნენ, სადაც ბავშვები მოთამაშეებთან უამრავ სურათს იღებდნენ და მათთან ურთიერთობაც კალათბურთის ახალგაზრდა გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულ მოვლენად იქცა.
მაშ ასე, პირველი აქცია ჩატარდა, ხოლო ხვალ კი სუპერლიგის საზეიმო პრეზენტაცია სპორტულ კლუბ “12 მაგიდაში” გაიმართება, სადაც ამიერიდან სუპერლიგისა და ქართული კალათბურთის ყველა ბრიფინგი შედგება.