„დინაოს“ ბაზამ 13–წლამდელთა ჩემპიონატის სამ მატჩს უმასპინძლა. მეოთხე მატჩი არ ჩატარდა, რომელშიც ერთმანეთს „ქუთაიი“ და „ჰიუნდაი“ I უნდა შეხვედროდნენ. მიზეზი ქუთაისელების ჩამოუსვლელობა გახდა, რომლებმაც დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილი ვერ გადმოკვეთეს. მატჩი გადაიდო და მისი გამართვის თარიღი რამდენიმე დღეში დადგინდება.
რაც შეეხება ჩატარებულ მატჩებს, სამივე მათგანში არათანაბარი ბრძოლა გაიმართა. მართალია, „ჰიუნდაის“ მეორე გუნდისა და „რუსთავის“ შეხვედრა თანაბარი ბრძოლით დაიწყო, თუმცა შემდეგ ქვემოქართლელთა უპირატესობა გამოიკვეთა და საბოლოოდ დიდსხვაობიანი და ვიზუალურად ლამაზი ანგარიში დაფიქსირდა: 77:33.
რუსთაველებმა მეორე მეოთხედი 18:0 მოუგეს ჰიუნდაელებს და გამარჯვებულის ვინაობა დიდი შესვენებისთვის უკვე გაარკვიეს. ქვემოქართლელები სიმაღლეში აშკარად ჯაბნიდნენ თბილისელებს და ძირითადად ამის ხარჯზე დიდ უპირატესობას მიაღწიეს.
მეოთხედში რომ ბურთი ვერ ჩავარდნილიყო, მაყურებელმა მომდევნო მატჩშივე იხილა. „დინამომ“ შეხვედრის პირველი ნახევარი 12:0 მოუგო „ავერსს, რის შემდეგაც ტემპი ოდნავ დააგდო და მეტოქეს შედარებით მეტი თავისუფლება მიცა. საბოლოოდ მაინც დიდი სხვაობა დაფიქსირდა: „დინამომ“ „ავერსი“ 40 ქულის სხვაობით დაამარცხა.
ყველაზე ნაკლებსხვაობიანი მატჩი ბოლო გაიმართა. „აკადემია“ II-მა „კარდინალებთან“ შეხვედრა 25 ქულით დათმო. გამარჯვებულებს ნიკა ყირიმელმა უწინამძღოლა, რომელმაც 26 ქულა მოაგროვა. გიორგი მამალაძემ „კარდინალებს“ 11 ქულა მიაშველა. აკადემიელთაგან კი ყველაზე მეტი – 10 ქულა, ნიკა კუნჭულიას ანგარიშზეა.
13-წლამდელთა ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. „დინამოს“ ბაზა. 11 მარტი
ჰიუნდაი II 33:77 რუსთავი
11:19, 0:18, 11:26, 10:14
ჰიუნდაი II: ჯახია (12), წენგუაშვილი (6)
რუსთავი: საბიაშვილი (18), ცერცვაძე (17), გაფრინდაშვილი (16)
ავერსი 26:66 დინამო
0:12, 10:16, 7:25, 9:13
ავერსი: ჯიქურაშვილი (9)
დინამო: ცარციძე (12), თორთლაძე (12)
აკადემია II 36:61 კარდინალები
6:20, 12:12, 10:17, 8:12
აკადემია II: კუნჭულია (10), ხაზალია (8)
კარდინალები: ყირიმელი (26), მამალაძე (11)