თავდაცვის სამინისტროს გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლევან
მოსეშვილის გაწვრთნილმა „არმიამ“ სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს 92:73 აჯობა და
მიმდინარე სუპერლიგაში სადებიუტო მარცხის შემდეგ ზედიზედ მე–5 გამარჯვება მოიპოვა.
არმიელებმა მედიკოსებს პირველი მეოთხედი მხოლოდ 6 ქულით მოუგეს, თუმცა
მეორეში სრულ უპირატესობას დაეპატრონენ და დიდი შესვენებისთვის უკვე 48:30 დაწინაურდნენ. მოსეშვილის გუნდი მოედნის ყველა
მონაკვეთში მეტოქეზე უკეთ ირჯებოდა. შესაბამისად, ყველა კომპონენტში უკეთესი
შედეგი ჰქონდა, რაც მატჩის ოქმიდან კარგად ჩანს. მესამე პერიოდის ბოლოს ყველაფერი
გადაწყდა. „არმიამ“ 18–ქულიანი უპირატესობა 25–ამდე გაზარდა და ყველაფერიც აქ
დამთავრდა. ბოლო ათწუთეული ფორმალობად იქცა და საბოლოოდ არმიელებმა იოლი
გამარჯვება მოიპოვეს.
ვახტანგ მინაშვილმა თავდაცვის სამინისტროს გუნდს 23 ქულა შესძინა, რაც
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. დამარცხებულთაგან
საუკეთესო თორნიკე ნინიაშვილი იყო, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.
მე–7 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და რუსთავის „ენერჯი–ინვესტი“
შეხვდნენ. რუსთაველებმა ოთხივე მეოთხედი დამაჯერებლად მოუგეს თბილისელებს და
საბოლოოდ 28 ქულით იმარჯვეს. რუსთაველებს
კამერუნელმა კაპიტანმა ჟოლივეტ ტუჯანიმ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა.
არანაკლებ სარგებლიანი გახლდათ გოგა ცეკვავა, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 7 ჩაჭრა
მიითვალა.
სტატისტიკა: სამედიცინო – არმია, დინამო – ენერჯი