არმიამ და შსს–მ ისტორია შექმნეს

არმიამ და შსს–მ ისტორია შექმნეს

დღევანდელი დღე ისტორიული გამოდგა
საქართველოს ჩემპიონატისთვის. რიგითი ტურის მატჩზე სპორტის სასახლე
პირთამდე გაივსო. „არმია“ – შსს–ს საყურებლად იმაზე მეტი მაყურებელი მოვიდა,
რამდენსაც სპორტის სასახლე იტევს. 

ასეთი ხალხმრავლობა ეროვნული ნაკრების
თამაშებზეც იშვიათობა იყო. დარბაზი თამაშის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე გაივსო. ხალხი სექტორებშორის კიბეებზე იჯდა.
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცობები შეიქმნა: თავდაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროს ქომაგები ავტობუსებით და სამხედრო ავტომანქანებით მოვიდნენ. ქომაგობაც
მოწესრიგებული იყო. დარბაზის ერთ მხარეს ერთი გუნდის ქომაგები განლაგდნენ, მოპირდაპირე
ტრიბუნები კი მეორე გუნდის მხარდამჭერებმა შეავსეს. თავდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლებმა სულაც იმპროვიზებული საქომაგო სექტორი შექმნეს. სკამებზე ისე
განლაგდნენ ეროვნული დროშებით, რომ შორიდან სწორედ ეროვნული დროშას დაინახავდით. თამაშის
საყურებლად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი
მოვიდა. რა თქმა უნდა, სასახლეში იყვნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროების მაღალჩინოსნებიც.

მოედანზე მატჩის მონაწილენი ახალგაზრდა
სპორტსმენებთან ერთად გამოვიდნენ. სპეციალურად ამ მატჩის სანახავად სპორტის
სასახლეში მოვიდნენ სპეციალური ათლეტები. მათ ცენტრალურ მატჩზე მოყვანას
კალათბურთის ფედერაციამ გაუკეთა ორგანიზება, რათა ხელი შეეწყოს სპეციალურ  ათლეტთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.

უშუალოდ მატჩი საკმაოდ მრავალქულიანი გამოდგა
და საბოლოოდ „არმიის“ გამარჯვებით – 97:86 დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს
გუნდმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მძლავრად მოთამაშე არმიელების წინააღმდეგ
ვერაფერი გააწყო. არმიელები მიხეილ ბერიშვილის შორი სროლებისა და დავით
უგრეხელიძის ფარქვეშა აქტიურობის შედეგად 13:3 დაწინაურდნენ. ლევან მოსეშვილის
გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შსს–ს კალათბურთელები კი შეტევაში ბურთს ხშირად
კარგავდნენ.

არჩილ ჟღენტმა წუთშესვენება აიღო, რის
შემდეგაც მისმა გუნდმა თამაში გამოასწორა. ბესო ლეჟავას სწრაფი გარღვევების შემდეგ
ანგარიშში სხვაობა შემცირდა და პირველი მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე
გათანაბრდა კიდეც. დასკვნით წამებში „არმიელმა დავით საყვარელიძემ 2 სამქულიანი
ჩააგდო და პირველი მეოთხედი თავდაცვის სამინისტროს გუნდმა 33:27 მოიგო.

ამის შემდეგ არმიელებმა უპირატესობა
მოიპოვეს და მათმა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა
ზვიად ბაბიაშვილი, რომელმაც ფარქვეშ მეტოქეებს აჯობა და საბოლოოდ მატჩის
ბომბარდირიც გახდა.

დიდი შესვენებისთვის შსს–მ ჩამორჩენა 7
ქულამდე შეამცირეს, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, არმიელებმა კვლავ იძალეს. მალე
მოსეშვილის გუნდის უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია, ბოლო მეოთხედის წინ კი „არმია“ 76:59
იგებდა.

მატჩის სათავისოდ შემოტრიაქლება შინაგან
საქმეთა სამინისტროს გუნდმა არაერთხელ სცადა, მაგრამ გარდამტეხ მომენტში არჩილ
ჟღენტის შეგირდები მიზანს ვერ აღწევდნენ და შეხვედრაც ისე ჩამთავრდა, რომ „არმიას“
წაგების საშიშროება არ დამუქრებია.

ამ გამარჯვებით არმიელებმა ერთპიროვნული
ლიდერობა მოიპოვეს. ლევან მოსეშვილის გუნდს ყველაზე ცოტა – 1 წაგება აქვს. შსს–მ
კი ჩემპიონატის 6 მოგებით დაწყების შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და მე–4
ადგილზე ჩამოქვეითდა.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=324