ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯიელებმა აღმოსავლეთისა და სრულიად ნბა–ს ერთ–ერთ ლიდერ, 2008 წლის ჩემპიონსა და ახლაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ბოსტონს“ მისსავე მოედანზე 97:86 მოუგეს. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, „კელტები“ კვლავ რჩებიან ლიგის ლიდერებად, თუმცა ახლა „ბოსტონსა“ და „ატლანტას“ შორის მხოლოდ ეთმოგებიანი სხვაობაა.
ბოლო შეხვედრებთან შედარებით, ნორმალურად ითამაშა ფაჩულიამაც. იგი მოედანზე პირველი პერიოდის დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე გამოჩნდა და ორ წუთში მის აქტივში უკვე 4 ქულა და 2 შეტევითი მოხსნა იყო. სხვათა შორის, ქართველის პირველი ზუსტი ტყორცნის შემდეგ, სტუმრები 8 ქულით (22:14) დაწინაურდნენ, თუმცა, მეოთხედის დარჩენილ მონაკვეთში “ბოსტონმა” იძალა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
მეორე და მესამე პერიოდებში თამაში თანაბრად მიმდინარეობდა. გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყისში კი “ჰოუქსის” კალათბურთელებმა მოინდომეს, დროის მოკლე მონაკვეთში მეტოქეს 10:2 აჯობეს, რომელსაც სათავე ჯამალ კროუფორდმა ზუსტი ორქულიანით დაუდო, ხოლო ფაჩულიას შედეგიანად შესრულებული საჯარიმოების შემდეგ, ატლანტელები 10 ქულით (82:72) დაწინაურდნენ და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ 14 წუთში 6 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა (3 შეტევითი) და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ამასთან, იგი სამჯერ დაჯარიმდა და ერთხელაც შეცდა.
რაც შეეხება, ქართველის უშუალო კონკურენტ ალ ჰორფორდს, შეხვედრაში მონაწილე კალათბურთელთაგან იგი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო – დომინიკელმა ცენტრმა 12 ქულა და 13 მოხსნა მოიხვეჭა.
ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ამაღამ გამართავს – “ჰოუქსი” საკუთარ “ფილიპს არენაზე” “ნიუ ორლეანს” უმასპინძლებს.