ნბა–ს მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” ვერაფერი მოუხერხა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ “კლივლენდ კავალიერსს” და 99:72 წააგო.
კლივლენდის “ქუიქენ ლოანს არენაზე” გამართულ შეხვედრას 20 562 ქომაგი დაესწრო და დიდ შესვენებამდე საკმაოდ დაძაბული დაპირისპირებაც იხილა.
იმ დროისთვის “კავალიერსი” მხოლოდ 5 ქულით იგებდა, თუმცა, მე-3 მეოთხედში “ჰოუქსი” 28:17 გაანადგურა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე რეგულარული სეზონის MVP-დ აღიარებული ლებრონ ჯეიმსი გახდა.
კლივლენდელთა უმთავრესმა ვარსკლავმა 34 წუთში 34 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
ფაჩულიას ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, მოედანზე გატარებულ 21 წუთში კი 4 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, მსაჯებმა კი ქართველი ცენტრი 5-ჯერ დააჯარიმეს.
“ჰოუქსის” რიგებში საუკეთესო ჯოშ სმიტმა 22 ქულა და 6 მოხნა მოაგროვა, ხოლო მაიკ ბიბიმ 19 ქულას 8 პასი და 4 მოხსნა წაამატა.
“კლივლენდი” და “ატლანტა” მომდევნო მატჩს 8 მაისის დილას ისევ კლივლენდში ჩაატარებენ. სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მოედნის უპირატესობა კი „კავალერსისაა.