“ატლანტა ჰოუქსმა“ ზედიზედ მეორე მატჩში ითამაშა ოვერტაიმი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამჯერად გაიმარჯვა. წინა შეხვედრაში ატლანტელებმა სამმაგ ოვერტაიმში „მაიამისთან“ შინ დათმეს შეხვედრა, დღეს გამთენიისას კი შარლოტში „ბობქეთსი“ 102:96 დაამარცხეს. ძირითადი დრო 91:91 დასრულდა, თუმცა დამატებით ხუთწუთეულში ზაზა ფაჩულიას გუნდმა იძალა.
ქართველმა ცენტრმა 10:22 წუთს ითამაშა და 5 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო. საბოლოოდ მას 2 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დაუგროვდა, რაც აღნიშნული სათამაშო დროის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი შედეგია.
ატლანტელებს ჯოშ სმიტმა ულიდერა, რომელმაც 40 წუთში 23 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. „ქორების“ ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა 43 წუთში 15 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
5 გამარჯვებითა და 3 წაგებით „ატლანტა“ „ორლანდოს“ გაუთანაბრდა და ამ გუნდთან აღმოსავლეთ კონფერენციაში V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი ხვალ გამთენიისას შინ „ჩიკაგოსთან“ გამართავს.