„ატლანტა ჰოუქსმა“ „ბოსტონს“ მოუგო, თუმცა ამ გამარჯვებას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მართალია, ატლანტელებს „სელტიქსზე“ უკეთესი შედეგი აქვთ, მაგრამ აღმოსავლეთის კონფერენციის ცხრილში ჯორჯიული გუნდი „მწვანეებს“ ვეღარ გადაუსწრებს. საქმე ისაა, რომ ბოსტონელებმა საკუთარი – ატლანტიკის დივიზიონის მოგება გაინაღდეს და სწორედ ეს უბევებს მათ კონფერენციაში მეოთხე ადგილს. ატლანტელები კი მყარად არიან მეხუთე ადგილზე და „ორლანდოს“ 2 მოგებით უსწრებენ.
რაკი თამაშის შედეგს აზრი აღარ ჰქონდა, არც ბოსტონელთა მწვრთნელმა დატვირთა გუნდი და ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა. ჯანმრთელად იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ კევინ გარნეტსა და პოლ პირსს, ხოლო რაჯან რონდომ და რეი ალენმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვეს. შესაბამისად, ატლანტელებმა, რომლებსაც ტრავმის გამო ალ ჰორფორდი და ზაზა ფაჩულია აკლდათ, გამარჯვება მაინც მოიპოვეს – 97:92.
ზაზა ფაჩულიასთვის ეს მიჯრით გამოტოვებული მეოთხე თამაშია. შეგახსენებთ, რომ ზაზამ ფეხი 13 აპრილს, „ორლანდოსთან“ მატჩში ამოიბრუნა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. მართლდება ამერიკელი ჟურნალისტების ვარაუდი, რომ ქართველი ცენტრი რეგულარულ სეზონში, რომელშიც „ატლანტას’ 3 მატჩი დარჩა, აღარ ითამაშებს.