გასულ ტურში შინ „ნიუ იორკთან“ დასანანი მარცხის შემდეგ ატლანტელმა „ქორებმა“ ბრჭყალები გამოაჩინეს და დასავლეთის ერთ–ერთი მოწინავე გუნდი „დალასი“ სტუმრად, ტეხასში 80:75 დაამარცხეს, რითაც საკუთარი ამბიციები კიდევ უფრო გაამყარეს.
ზაზა ფაჩულიას გუნდმა „დალასს“ ძალიან ნერვიულ და შეცდომებით სავსე მატჩში აჯობა. ატლანტელებმა პირველი მეოთხედის შემდეგ 8–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ეს ლიდერობა ხელიდან გაუფრინდათ. დალასელთა ლიდერი დირკ ნოვიცკი თავიდან ართმევდა თავს ატლანტელთა შემოტევებს, მაგრამ შემდეგ თავისიანებმა მხარი ვეღარ აუბეს და „ქორებმა“ საბოლოოდ თავისი გაიტანეს.
ატლანტელებს ჯო ჯონსონმა ულიდერა, ქართველი ცენტრი კი მოედანზე 13 წუთით გამოჩნდა. ფაჩულიამ 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 5–დან 2 ორქულიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მეოთხე ადგილზე არიან, საკუთარ დივიზიონშიც ისევ „ორლანდოს“ ჩამორჩებიან. მომდევნო მატჩს ატლანტელები 9 დეკემბერს, შინ „ჩიკაგოსთან“ ჩაატარებენ.