ატლანტელთა მე–20 და ფაჩულიას რვიანები

1987–88 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ “ატლანტა ჰოუქსმა” ახალი წლის დადგომამდე მოახერხა 20 გამარჯვების მიღწევა.ბოლო წლებში უფერულად მოთამაშე ატლანტელები წლეულს ნბა–ს ფავორიტთა შორის არიან და წუხელ, შინაურ “ფილიპს არენაზე”, მიმდინარე სეზონში მე–20 გამარჯვება იზეიმეს. ჯორჯიელების მორიგი მსხვერპლი სოლიდური რეპუტაციის მქონე “დენვერი” გამოდგა, რომელიც ზაზა ფაჩულიას გუნდმა 109:91 დაამარცხა.
ატლანტელებს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუჭირდათ, ისიც ოდნავ, სანამ თამაში თანაბარი იყო. მეორე ნახევარში კი ფაჩულიას გუნდელებმა შანსი აღარ დაუტოვეს დენვერელებს, ტაიმი 55:38 მოუგეს და გამარჯვებათა რაოდენობაც 20–ამდე დაამრგვალეს.
ზაზა ფაჩულია სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 8 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა. ქართველ ცენტრზე მეტი მოხსნა მხოლოდ ატლანტელ ცენტრ ალ ჰორფორდს დაუგროვდა (10), თუმცა ფაჩულიას უშუალო კონკურენტმა მოედანზე ზაზაზე ორჯერ მეტი, 38 წუთი გაატარა.
ფაჩულიამ ჩააგდო 4–დან 2 ორიანი და ოთხივე საჯარიმოც ზუსტად გამოიყენა. საინტერესო ფაქტი კი ისაა, რომ ზაზას ქულებისა და მოხსნების გარდა სხვა არანაირი სტატისტიკური მაჩვენებელი არ მოუხვეჭავს.
ატლანტელები მომდევნო მატჩს ხვალ, გამთენიისას გამართავენ ინდიანაში. აღმოსავლეთში “ქორებს” მეოთხე ადგილი უკავიათ, ხოლო მთლიან ლიგაში სულაც მეხუთეზე არიან. დასავლეთის გუნდებიდან “ატლანტაზე” უკეთესი შედეგი მხოლოდ “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” აქვს.
 

დენვერელი რენალდო ბალკმანი ზაზა ფაჩულიას ძიუდოს ილეთს უტარებს