“ავიამშენმა” რუსთაველებს სუპერთასი აართვა

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი24 მაისი. თბილისი. სპორტის სასახლეენერჯი–ინვესტი 71:76 ავიამშენი 21:20 16:23 20:15 14:18
ენერჯი: გამყრელიძე (6ქ, 4პ, 7მ), ბაბიაშვილი (4ქ, 7მ), ლეჟავა (13ქ), დიდია (5ქ), ტუღუში (13ქ, 3პ, 5ფ), უგრეხელიძე (9ქ, 5მ, 5ფ), არწივიძე (3ქ), ტუჯანი (14ქ, 10მ, 3დ), ჭოჭუა (4ქ)ავიამშენი: ი. ბერიშვილი (11ქ, 5ფ), ნიკოლაძე, მათიაშვილი (10ქ, 16მ, 4დ), ნინიაშვილი (21ქ, 6მ), ნაცვლიშვილი (5ქ, 3დ), პირველაშვილი (4ქ), ბოისა (7ქ, 5მ, 5ფ, 2დ), დ. ბერიშვილი (18ქ, 7პ, 5ჩ)მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძეკომისარი: მერაბ რატიშვილი
 ჩემპიონობა, თასის გათამაშება, ქორქია–საკანდელიძისა და დუდუ დადიანის მემორიალი – ეს ის ტურნირებია, რომლებიც აწ გასრულებულ სეზონში გაიმართა და რომლებიც რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ მოიგო. დღეს კი 2008–09 წლების სეზონის ბოლო ტიტული გათამაშდა და თბილისის „ავიამშენმა“ რუსთაველებს ყველაფრის მოგება არ დაანება. ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი თასის გათამაშების ფინალისტ „ავიამშენს“ ერგო, რომელმაც დღეს დაძაბულ ორთაბრძოლაში მოუგო „ენერჯი–ინვესტს“.ლევან მოსეშვილის „ავიამშენს“ სუპერთასისთვის ბრძოლის უფლება თასის გათამაშების ფინალში გასვლამ მისცა. რაკი რუსთაველებმა ჩემპიონობაც მოიგეს და თასიც, სუპერთასისთვის მათი მეტოქე თასის ფინალისტი „ავიამშენი“ გახლდათ. მოსეშვილის გუნდს ბოლო შანსი ქჰონდა, რომ სეზონში თუნდაც ერთი ტიტული მოეგოთ და ეს მათ მოახერხეს. „ენერჯი–ინვესტმა“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო და ეს მარცხი ამ გუნდს ტიტულის დათმობად დაუჯდა. პირველი მარცხიც რუსთაველებს „ავიატორებმა“ შეამთხვიეს, როცა ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი მოუგეს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა. მოსეშვილის შეგირდებმა მეტი მობილიზებით და მონდომებით ჩაატარეს მატჩის გადამწყვეტი წუთები და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.საფინალო სერენამდე 4 წუთით ადრე იყო მომენტი, როცა რუსთაველებმა ზედიზედ ხუთი იერიში გააცუდეს, მათგან ერთიც რომ გამოეყენებინათ “ენერჯის” უპირატესობა მინიმუმ 6 ქულამდე გაიზრდებოდა და… “ერთი მაინც რომ ჩაგვეგდო, გავიმარჯვებდით კიდეც” – ეს რუსთაველთა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა გვითხრა. თუმცა, ოთხმა წუთმა ისე ჩაიარა, რომ ქვემოქართლელებს შეტევაში არაფერი გამოსვლიათ. ხან კოტე ტუღუშმა სცადა თავისი საფირმო სამქულიანის კალათში მოთავსება, ხან ლაშა გამყრელიძემ ასევე საფირმო დრიბლინგის ორქულიანით დაგვირგვინება სცადა, მაგრამ რუსთაველების საქმე ბოლო წუთებზე უკუღმა რომ დატრიალდა, ამას სირენამდე 6 წამოთ ადრე მომხდარი ფაქტი მოწმობს: სხვა ვერავინ რომ ვერ შეძლო, სამქულიანის სასროლად მეფარე ჟულივეტ ტუჯანი გამოვიდა და სეზონში, ვგონებ მეორედ ისროლა სამიანი და პირველად ჩააგდო. ფორტუნამ თავისი ხელი წამმზომსაც დაატყო: ოთხწუთიანი მშრალი სერიის დასველება ლაშა გამყრელიძეს სამიანით შეეძლო, ჩააგდო კიდეც, მაგრამ მსაჯებმა ბურთი არ ჩათვალეს, წუთშესვენება იყო ნათხოვი და წამმზომი არ იყო ჩართულიო. საპირისპიროდ, მეოთხე წუთიდან ყველაფერი გამოსდიოდა “ავიამშენს”, რომელმაც 64:68 ჩამორჩენის შემდეგ 10:0 სპურტი მოაწყო და მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე 74:68 დაწინაურდა. არადა, “ავიატორებს” ხუთი ფოლის გამო მეოთხე პერიოდის დასაწყისში ორი ლიდერი ირაკლი ბერიშვილი და ანატოლი ბოისა დააკლდათ. მეტიც, ბოლო რაუნდში არ უთამაშია ვახტანგ ნაცვლიშვილს, რომელმაც მატჩის შემდეგ გვითხრა – შეუძლოდ ვიყავი და მწვრთნელს თავად ვთხოვე გამოცვლაო.ასეთი დანაკლისის მიუხედავად დავით ბერიშვილმა, თორნიკე ნინიაშვილმა, გიორგი ნიკოლაძემ, გიორგი პირველაშვილმა და რიჩარდ მათიაშვილმა გამარჯვება კბილებით დაიცვეს. მართლაც, გუშინ “ავიამ” დაცვის კუთხით სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეტევაში დავით ბერიშვილი უშეცდომო იყო – 18 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რასაც 5 ჩაჭრა მიამატა. მას ფარქვეშიდან დაეხმარა თორნიკე ნინიაშვილი – 21 ქულა, ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა 16-დან 13 მოხსნა საკუთარ ფარზე მიითვალა.მატჩის შემდეგ შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად ბომბარდირი, 21 ქულის მიმთვლელი თორნიკე ნინიაშვილი დასახელდა, რომელმაც 14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მწვრთნელიც: გიორგი ავალიშვილის სახელობის ჯილდო ქვეყნის ჩემპიონის მწვრთნელ დავით უსტიაშვილს ერგო. კალათბურთის ფედერაციამ გამოკითხვის შედეგან გამოავლინა სეზონის საუკეთესო კალათბურთელი, რომელიც გახდა “ენერჯი–ინვესტის” გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა საპატიო სიგელი გადასცა ვეტერან კალათბურთელ ნიკოლოზ დერიუგინს, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა.მაშ ასე, დღეს 2008–09 წლების სეზონი დასრულდა. სუპერლიგა ქომაგებს მომავალ შემოდგომამდე ემშვიდობება, მანამდე კი კალათბურთის ქომაგებს სანაკრებო ბატალიები ელის.

 

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი”ავიას” კაპიტან ვახტანგ ნაცვლიშვილს სუპერთასს გადასცემს

2008–09 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე ლაშა გამყრელიძე

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი დავით უსტიაშვილი

იუბილარი ნიკოლოზ დერიუგინი ბესიკ ლიპარტელიანმა დააჯილდოვა