“ბათუმმა” დაგადებული მატჩი თავდადებულ “ავიამშენს” მოუგო

“ბათუმმა” დაგადებული მატჩი თავდადებულ “ავიამშენს” მოუგო

დღეს ბათუმში გადადებული მატჩი გაიმართა. „ავიამშენს“ აჭარის მთავარ
ქალაქში მე–4 ტურში უნდა ეთამაშა, მაგრამ მაშინ ფინანსური კრიზისის გამო ჩასვლა
ვერ მოახერხა და ეს შეხვედრა დღეს შედგა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და მაყურებელმა ძალიან საინტერესო
ფინალი იხილა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელები მესამე მეოთხედის შუაწელში მთელი
17 ქულით იგებდნენ, ბოლო წუთებზე „ავიატორებს“ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ.

მასპინძელთაგან ტრადიციულად ბესიკ ლეჟავა გამოირჩეოდა, რომელიც
სუპერლიგის ბომბარდირია და მატჩში საშუალოდ 24,3 ქულას აგროვებს. სწორედ ლეჟავას
აქტიურობის შემდეგ დაფიქსირდა ამ მატჩში მასპინძელთამ ყველაზე დიდი ლიდერობა –
51:34 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 5,50 წუთით ადრე.

„ავიატორთა“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დანებდნენ და საქმე
იქამდე მიიყვანეს, რომ თამაშის გადარჩენის საშუალება მიეცათ.

ანატოლი ბოისას შედეგიანმა თამაშმა თბილისელებს ოდნავ ჯერ
შეამცირებინა ჩამორჩენა, ხოლო როცა ზურაბ ბადრიძე და სერგო ათიაშვილიც
ამოქმედდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 3,40 წუთით ადრე მასპინძლები მხოლოდღა 67:62
იგებდნენ.

აქ ისევ მასპინძელთა ლიდერმა ბესიკ ლეჟავამ იმოქმედა, მიჯრით მოიხვეჟა
საჯარიმო–ორქულიანები და მატჩის ბოლო წუთს ბათუმელები 7–ქულიანი უპირატესობით
შეხვდნენ – 75:68. თითქოს საქმე მოთავებული იყო, 7 ქულას იგებ და თამაშის
დასრულებამდე 58 წამია, მაგრამ 5 წამში გიორგი პირველაშვილმა სამქულიანი ჩააგდო,
რასაც ბოისას მყისიერი ჩაჭრა და შედეგიანად (ორქულიანით) დაგვირგვინებული სწრაფი
გარღვევა მოჰყვა. სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა, თამაშის დასრულებამდე კი ნახევარი
წუთი რჩებოდა.

„ავიამშენმა“ პრესინგს მიმართა, ბათუმელებს მჭიდროდ იჭერდა, რამაც ის
შედეგი გამოიღო, რომ დავით იმნაძეს გასაქანი არ მისცეს და აიძულეს, ბურთი
დაეკარგა. დასრულებამდე 14 წამით ადრე ვახტანგ მინაშვილმა გამთანაბრებელი
ორქულიანი სტყორცნა, მაგრამ ააცილა, ბურთი თავისიანმა ზურაბ ბადრიძემ მოხსნა, თორნიკე
ნინიაშვილს გადააწოდა და არც ამ უკანასკნელს გაუმართლა – საფინალო სირენამდე 3
წამით ადრე საშუალო დისტანციიდან ააცილა და მატჩიც დასრულდა.

სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=149