“ბათუმმა” ნაკრების უკანა ხაზით ფრთები გაშალა

“ბათუმმა” ნაკრების უკანა ხაზით ფრთები გაშალა

დღეს რუსთავსა და ბათუმში 16–წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა,
რომლებიც საინტერესო შედეგებით დასრულდა. მიუხედავად „რუსთავი“–„ორბის“ მატჩში
დაფიქსირებული ოვერტაიმისა, მთავარი მატჩი მაინც ბათუმში შედგა.

აჭარის მთავარ ქალაქში ერთმანეთს მეორე ჯგუფის ლიდერები – „ბათუმი“ და
„ქუთაისი“ შეხვდნენ. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ქუთაისში მასპინძლებმა
მოიგეს, ამჯერად კი ფავორიტებად ბათუმელები ითვლებოდნენ, რაკი მასპინძლებმა
მოახერხეს და პირველად ამ სეზონში თავი მოუყარეს 16–წლამდელთა ნაკრების ორივე
წევრს – ნიკა რამიშვილს და ირაკლი მიქელაძეს. ეს ბიჭები იმდენად კარგი მოთამაშეები
არიან თავიანთ ასაკში, რომ როცა მოედანზე არიან, ბათუმურ გუნდს ნებისმიერი მეტოქის
დამარცხება ძალუძს.

დღევანდელ მატჩში რამიშვილ–მიქელაძის უკანახაზური ტანდემი შეუდარებელი
იყო. სხვათა შორის ქუთაისელთა 2 ყველაზე გამორჩეული მოთამაშეც სწორედ უკანახაზელია.
გიორგი იაშვილი და ლევან გრძელიძე ბათუმშიც წინამძღოლობდნენ ქუთაისელებს, მაგრამ
მასპინძელთა უკანახაზელებმა იძალეს და ქუთაისელებმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი
მარცხი იწვნიეს.

მიქელაძემ 28, ხოლო რამიშვილმა – 24 ქულა მოაგროვა, თუმცა მხოლოდ
შეტევა არ ყოფილა ამ მოთამაშეების ძლიერი მხარე. პირველმა 7 ჩაჭრა გაახერხა, ხოლო
მეორემ – 5, რამაც ბათუმელებს დაცვაში საქმე გაუიოლა და შესაბამისად შეტევაშიც გზა
გაუხსნა.

საბოლოოდ ბათუმელებმა 77:69 იმარჯვეს და ჯგუფში ქუთაისელებს
გაუთანაბრდნენ. ტურნირის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად „აკადემია–1“ რჩება,
რომელიც პირველ ჯგუფში გამოდის.

უნდა ითქვას, რომ სანამ ბათუმში ჩავიდოდნენ, ქუთაისელებმა უბრძოლველი 2 ქულა შეიმატეს. თბილისის “დინამო” 3 თებერვალს ქუთაისში სათამაშოდ არ ჩავიდა და შესაბამისად ტექნიკური მარცხი (0:20) ჩაეთვალა.

რაც შეეხება მეორე მატჩს, რუსთავში მასპინძლები თითქმის მთელი თამაში
უგებდნენ „ორბს“. თბილისელებს სროლა არ წაუვიდათ და კარგა ხანს წვალობდნენ მასპინძლების
წამოწევას, რაც ბოლო წუთებზე მოახერხეს და თამაში დამატებით დროში გადაიზარდა,
სადაც მოწოდების სიმაღლეზე ზვიად დიდბერიძის „ორბი“ აღმოჩნდა.

ამ მატჩში ერთბაშად სამმა მოთამაშემ უწია 20–მოხსნიან ბარიერს. რუსთაველმა
ლევან ურიდიამ 23 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა, მისმა თანაგუნდელმა პაპუნა
ჯანაშვილმა – 20, ხოლო თბილისელთა ლიდერმა სანდრო ბოლქვაძემ 24 ქულასთან ერთად 22
მოხსნა მიითვალა.